ე.წ. კაბელების საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, მოწმე ავთანდილ ჭოლოკავა კავშირგაბმულობის სფეროში გამოცდილი პირია, რომელმაც მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძის, დავით წიფურიასა და არჩილ ალავიძის სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკლვევის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი მოწმე, შპს "სპეცკავშირმშენის" წარმომადგენელი ავთანდილ ჭოლოკავა დაიკითხა. პროკურორის თქმით მოწმე ავთანდილ ჭოლოკავას ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა გაფლანგეს.
გუბელაძის თქმით, მან განმარტა, რომ 2013 წლის დასაწყისში იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვდა და გააცნო იდეა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკომუნიკაციო ქსელი სრულიად უსასყიდლოდ ექნებოდა.
"კერძოდ, ავთანდილ ჭოლოკავას იდეა შემდეგში მდგომარეობდა: - დაგეგმილი ჰქონდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაკეთება და თავდაცვის სამინისტროსთვის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ მისთვის საჭირო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის წვერების მიცემა. აღნიშნული შეთანხმება როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის, ასევე შპს "სპეცკავშირმშენისთვის" მომგებიანი იყო შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც ავთანდილ ჭოლოკავამ განმარტა, ვინაიდან, შპს "სპეცკავშირმშენი" თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და შესრულებული ჰქონდა მისთვის ათეულობით სამუშაო, იცოდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მის მიერ დაგეგმილი მიმართულებების დიდ ნაწილზე არ ჰქონდა დაცული და უსაფრთხო საკომუნიკაციო კავშირი, ხოლო თავდაცვის სამინისტროს სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, კომუნიკაციასა და კავშირს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამის ნათელი მაგალითი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო, როდესაც სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მიტანის შემდეგ, თავდაცვის სისტემა კავშირის გარეშე დარჩა, ამიტომ თავდაცვის სამინისტროს რაც უფრო მეტი კომუნიკაციის სარეზერვო ხაზი ექნებოდა, საკუთარი ფუნქციის შესრულებას მით უფრო ეფექტურად შესძლებდა", - განაცხადა გუბელაძემ
რაც შეეხება შპს "სპეცკავშირმშენის" დაინტერესებას ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში წვერების თავდაცვის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემაში, გუბელაძის თქმით, ავთანდილ ჭოლოკავამ განმარტა, რომ სახელმწიფო უწყების ჩართვა ზემოხსენებულ პროექტში, მაგისტრალს სტრატეგიულ მნიშვნელობას შესძენდა, გაიზრდებოდა მისი დაცულობის ხარისხი და ამავდროულად სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებიდან თანხმობების აღების პროცედურა დროში მნიშვნელოვანწილად შემცირდებოდა.
"მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის წვერების უსასყიდლოდ გადაცემა უმნიშვნელოდ აძვირებდა პროექტს, კერძოდ, 10 წვერის გადაცემის შემთხვევაში, მთლიანი პროექტი მაქსიმუმ 0,5%-ით გაძვირდებოდა. ვინაიდან აღნიშნული იდეა მომგებიანი იყო როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის, ასევე შპს "სპეცკავშირმშენისთვის", რა თქმა უნდა, თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ალასანიასაც მოეწონა და ავთანდილ ჭოლოკავას შეპირდა, რომ საკონტაქტო პირს გამოყოფდა, რომელთანაც დეტალების დაზუსტება მოხდებოდა. მიუხედავად დაპირებისა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროდან ავთანდილ ჭოლოკავას არავინ შეხმიანებია, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გენერალური შტაბის უფროსს და J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსს, ბრალდებულ ნუგზარ კაიშაურს შეხვდა, რომლებსაც ასევე გააცნო მისი გეგმის შესახებ. ამის შემდეგ, ავთანდილ ჭოლოკავა სისტემატურად უკავშირდებოდა ნუგზარ კაიშაურს, თუმცა მისგან გამუდმებით ისმენდა, რომ ხელმძღვანელობას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. 2013 წლის 27 აგვისტოს კი, თავდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის შპს "სპეცკავშირმშენს" გაუგზავნა მოთხოვნა, 9 დღის ვადაში წარედგინათ პროექტი და დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა თბილისი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით 420 კმ.-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აგებასთან დაკავშირებით. ავთანდილ ჭოლოკავა ნუგზარ კაიშაურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რაში იყო საქმე, რაზედაც ნუგზარ კაიშაურმა მიუგო, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელში წვერები არ ჭირდებოდათ და საკუთრებაში მთლიანი მაგისტრალი უნდოდათ. გამოცხადებული სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვით თავდაცვის სამინისტრომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გადაცემა საკუთრებაში მართლაც მოითხოვა, სხვადასხვა კომპანიებს გამოკითხა სწორედ მაგისტრალის მშენებლობის ღირებულება, თუმცა საბოლოოდ ხელშეკრულება სს "სილქნეტთან" გააფორმა და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში წვერები შეიძინა, რაშიც 5 071 184 ლარი გადაიხადა, ანუ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ შპს "სპეცკავშირმშენი" სრულიად უსასყიდლოდ გადასცემდა თავდაცვის სამინისტროს მათთვის საჭირო რაოდენობის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში წვერებს, თუმცა მათ სს "სილქნეტს" 5 071 184 ლარი გადაუხადეს. შესაბამისად, მოწმე ავთანდილ ჭოლოკავას ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნუგზარ კაიშაურმა, გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, დავით წიფურიამ და არჩილ ალავიძემ სახელმწიფოს კუთვნილი თანხა გაფლანგეს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ ბრალდებულებს შეუძლიათ მოსალოდნელ განაჩენს და სასჯელს სამსახურში დაელოდონ", - აცხადებს ზვიად გუბელაძე.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს აქვს "უსუსური მცდელობა" იმისა, მოწმე ავთანდილ ჭოლოკავას ჩრდილი მიაყენონ იმით, რომ მას 1980-იან წლებში მიხეილ გორბაჩოვის აგარაკზე კავშირგაბმულობის ქსელი აქვს გაკეთებული, რაც პროკურორის განცხადებით, აბსურდი და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
"სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ავთანდილ ჭოლოკავამ ისიც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვისაც აქვს გაკეთებული კავშირგაბმულობის ქსელი და ეს ფაქტი რამეზე მეტყველებს? უბრალოდ ეს არის პიროვნება, რომელსაც ამ სფეროში აქვს უდიდესი გამოცდილება. 1990-იან წლებში სწორედ მის მიერაა დაპროექტებული და აშენებული პირველი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი საქართველოში. სხვათა შორის, ჩვენების მიცემისას ავთანდილ ჭოლოკავამ ისიც აღნიშნა, რომ ბრალდებულ ნუგზარ კაიშაურთან ჰქონდა და დღესაც აქვს მეგობრული ურთიერთობა, რაც თავად კაიშაურმაც დაადასტურა. გარდა ამისა, ავთანდილ ჭოლოკავა არის პიროვნება, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთვის ასეულობით დაკვეთა აქვს შესრულებული, მათ შორის 2010-2013 წლებში. თუ აღნიშნული ადამიანის სანდოობას ბრალდებულები დღეს აყენებენ ეჭვქვეშ, საინტერესოა, მაშინ რატომ მეგობრობენ მასთან, რატომ მოიწონა მისი იდეა და იდეის იორგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ბოლოს, რატომ ანდობდა მას თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან, მათ შორის საიდუმლო ობიექტებზე სამუშაოების შესრულებას? რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ თითქოსდა, ავთანდილ ჭოლოკავას მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის შეთავაზებულ მაგისტრალს რუსეთის ფედერაციის კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაევლო, ეს ადვოკატების ფანტაზიის ნაყოფია და საღი აზრისგან შორს არის. სასამართლო პროცესზე მოწმემ ცალსახად აღნიშნა, რომ მაგისტრალი უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, დაცვის მხარის მცდელობა ყველა საშუალებით მოეხდინა ბრალდების მოწმის დისკრედიტაცია და ჩრდილი მიეყენებინა მოწმე ავთანდილ ჭოლოკავას სანდოობისათვის, მხოლოდ მცდელობად დარჩა", - განაცხადა პროკურორმა