"ჩვენი პრიორიტეტების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ლიტვის სახელმწიფოს მხარდაჭერა"

საქართველოს საგარეო მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ვერ განხორციელდება ლიტვის სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე.

როგორც კვირიკაშვილმა ლიტვის სააგრეო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ოქტომბერში გაიმართება.

"მაქვს პატივი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს ვმასპინძლობდე. ბატონი მინისტრი საქართველოს განსაკუთრებული მეგობარი გახლავთ. საქართველოს ახსოვს მისი მხარდაჭერი განცხადებები, საქართველოსთვის რთულ პერიოდში. მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო უდიდესი მხარდაჭერისთვის. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ვერ განხორციელდება ისეთი მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც საქართველო ლიტვის და სხვა მეგობარი ქვეყნებისგან იღებს. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტების განხორციელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ლიტვის სახელმწიფოს მხარდაჭერა, იმ უამრავი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები, როგორიცაა სამხედრო თანამშრომლობა, სადაც ასევე განსაკუთრებულ დახმარებას ვიღებთ ლიტვის მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს ნატო-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ფარგლებში, ლიტველი სამხედროები რომ იღებენ მონაწილეობას და დახმარებას უწევენ საქართველოს. ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დადებითი ტენდენციები ეკონომიკური მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს წარსულში შექმნილი ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომისია, რომლის სხდომა წელს ოქტომბერში გაიმართება და ვფიქრობ, რომ უნდა იყოს უფრო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობის დასაწყისი. ძალიან მიხარია, რომ უფრო და უფრო მეტ ლიტველ ტურისტს და ვიზიტორს ვხედავ საქართველოში, რაშიც განსაკუთრებული როლი ითმაშა პირდაპირმა ფრენებმა ქუთაისიდან ვილნიუსის მიმართულებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.