ფორმალური დიქტატორი სჯობს, თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი

ფორმალური დიქტატორი სჯობს, თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი

დავით უსუფაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს - ფორმალური დიქტატორი სჯობს, თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი ფორმალური დიქტატორი სჯობს თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი, - ამ კონტრშეკითხვით უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვას ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.

"ფორმალურ ხელმძღვანელობას რაც შეეხება, მე კითხვის ნიშანს დავსვამდი არაფორმალური ლიდერის ზეგავლენის ხარისხზე. ფორმალური დიქტატურა სჯობს თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და ამ კონტექსტში ახსენა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისი თქმით, ახლა სხვა ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონს ხელმძღვანელობს.

უსუფაშვილის თქმით, ის არ არის არაფორმალური ლიდერობის მომხრე, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ქართული საზოგადოება დგას.

"არაფორმალური ლიდერობა ცუდია, არ არის კარგი, მე არ ვუჭერ ამას მხარს. უბრალოდ, არის ადამიანი, ვისაც აქვს პატივისცემა და ზეგავლენა საზოგადოებაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, თუ საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არაფორმალური ლიდერის ზემოქმედებაზე, ეს ძალიან ცუდია. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ამასთან იგი აცხადებს, რომ არაფორმალური ლიდერის გავლენის საკითხი არ არის ის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

დავით უსუფაშვილის მიდგომა არ გაიზიარა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, ის ძალიან დიდ პატივს სცემს დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს, მაგრამ ვერ დაუჭერს მხარს, როდესაც ის ძალიან ცდილობს ეს თემა გაამარტივოს.

"საქართველოში პირველად ხდება, როდესაც გვაქვს ასეთი ვითარება. არაფორმალური ლიდერის მხრიდან სრული კონტროლი მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობაზე და ამავდროულად ნულოვანი ანგარიშვალდებულება", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ამ მხრივ მომავალი წლის არჩევნები იქნება გადამწყვეტი, რათა არაფორმალური მმართველობა საქართველოში შეიცვალოს.