„ვერთვები საარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან შეხვედრებს ვიწყებ“

„ვერთვები საარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან შეხვედრებს ვიწყებ“

ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი ოფიციალურად გააკეთა.

ეს განაცხადება დღეს მან "დინამო" თბილისისა და თბილისის „საბურთალოს“ მატჩის მსვლელობისას გააკეთა.

როგორც კობიაშვილი აცხადებს, ის ორშაბათიდან შეხვდება კლუბების ხელმძღვანელებს, ასევე,  რეგიონული ფედერაციების და ასოციაციების წარმომადგენლებს.

„ვერთვები საარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან ვიწყებ შეხვედრებს კლუბებთან, რეგიონულ ფედერაციებთან და ასოციაციებთან. ასევე, როგორც კანდიდატი, ჩემი ოფიციალური დარეგისტრირება მოხდება და ბოლოს მექნება შემაჯამებელი შეხვედრა ყველა თაობის ვეტერან ფეხბურთელთან. მე მინდა მათ იცოდნენ თუ რას ვაპირებ, რას გავაკეთებ ქართული ფეხბურთისთვის და როგორია ჩემი ხედვა, ზოგადად, ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის. ასევე, სრულიად გახსნილი ვიქნები გულშემატკივრებისთვის, საზოგადოებისთვის, საფეხბურთო სამყაროსთვის და სრულიად საქართველოსთვის. ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრება და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი მომავლის შექმნას“, - განაცხადა კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს არის დანიშნული.