უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შეფასებაში ობიექტური ვერ იქნება, რადგან სააკაშვილი მისი მეგობარია. ამის შესახებ იუშჩენკომ ქართველ ჟურნალისტებს ბათუმის აეროპორტში, ბათუმიდან გამგზავრებამდე განუცხადა.
კითხვაზე, როდის ვითარდებოდა საქართველო, როდესაც სააკაშვილი იყო პრეზიდენტი თუ ახლა, იუშჩენკომ განაცხადა, რომ ობიექტური ვერ იქნება.
"გულწრფელად გეტყვით, მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი მეგობარი და მასზე ყოველთვის კარგს ვილაპარაკებ. თქვენ თქვენი არჩევანი გაქვთ და ეს არჩევანი გააკეთეთ წლების წინ. ეს თქვენი უფლებაა, თქვენი არჩევანია", - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
მისი თქმით, ბათუმში ამჟამინდელ სტუმრობამდე ბოლოს, წლების წინ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო. "ჩვენ დავდიოდით სანაპიროზე, ვცვლიდით გეგმებს. ვსაუბრობდით როგორ განვითარდებოდა ბათუმი, სად რა ობიექტები, სასტუმროები იქნებოდა.
დღეს ერთ-ერთი ოჯახური ზეიმის გამო ჩამოვედი. 3 დღე გავიარე ის ადგილები, სადაც დავდიოდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ ამდენი რამე გაკეთდა ამ ქალაქში. ეს უკვე სულ სხვა ქალაქია, ნამდვილად ევროპული, ლამაზი ქალაქია. ეს კარგი მაგალითია, როგორი უნდა იყოს საქართველოს და უკრაინის სხვა ქალაქები", - განაცხადა იუშენკომ.