პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს საწვრთნელ ცენტრს წარმატება უსურვა

პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს საწვრთნელ ცენტრს წარმატება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს საქართველოში ვიზიტისთის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და ის ჯარისკაცების გაიხსენა, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა საქართველოს დაცვას.

„მადლობა გენერალურ მდივანს და ნატო-ს დელეგაციას, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან და იზიარებენ ჩვენ წარმატებას. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას ამ დღის ეფექტურად მიღწევისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს პარლამენტს, ასევე იმ დელეგაციას, რომელმაც ერთი წლის წინ უელსიდან ეს მნიშნელოვანი პაკეტი წამოიღო. ყველაზე დიდი მადლობა თქვენ საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენ იმიტომ, რომ თქვენ თქვენი სისხლის, თქვენი ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღეს. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის გმირები, რომლებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე, საუკუნე დიდება და ხსოვნა მათ სახელებს. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის მომავალი ჯარისკაცები, ვინც ჩვენ ოჯახებში იზრდება. დღეს ჩვენ ამაყად ვდგავართ აქ საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ თავდაცვის უნარიანობას, ვაძლიერებთ იმ ღირებულებების დაცვას, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით. ვაძლიერებთ ჩვენი თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვის უნარიანობას. ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს ჩვენ მიწაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს გლობალური მასშტაბით. ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი კიდევ უფრო დახვეწს თქვენს უნარებს, უნარებს, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ მხოლოდ ერთისთვის, რომ დაიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები, რის ირგვლივაც ჩვენ ვართ გაერთიანებულები. დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ ერთობლივ ცენტრს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.