„ცენტრის დაფუძნება არის კონტრიბუცია რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“

„ცენტრის დაფუძნება არის კონტრიბუცია რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ ნატო-სთან თანამშრომლობის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რასაც პარტნიორებისგან აღიარება და შესაბამისი შეფასება მოჰყვა.

როგორც პრემიერმა კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სასიხარულოა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობა და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.

„დღეს საქართველოში იქმნება წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ნატო-საქართველოს მორიგი წარმატებული პროექტია. ჩვენმა მთავრობამ, ისევე, როგორც წევრმა ქვეყნებმა და ნატო-ს საერთაშორისო სამსახურმა, უდიდესი სამუშაო გასწიეს, რომლის შედეგიც გახლავთ ეს ცენტრი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს უკვე აქვს ნატო-ს მხარდაჭერით შექმნილი სასწავლო ცენტერების მართვის გამოცდილება, კერძოდ, საჩხერის ცენტრი. ვფიქრობ, ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ახალი ცენტრის წარმატებულ საქმიანობაში. ერთი წელიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც 2014 წელს უელსის სამიტზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოსთან არსებით ღონისძიებათა პაკეტის შემუშავების შესახებ. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში მოვახერხეთ პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციის დაწყება. წვრთნისა და შეფასების ცენტრი ნათლად წარმოადგენს პროგრესს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ. ეს სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ცენტრის დაარსებას კიდევ აქვს ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა, ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება.

„შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ცენტრი ამ ეტაპების წარმატებით დაძლევაში დაგვეხმარება. იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობის

ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. მეტიც, იგი იქნება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი, თავისი შინაარსითა და ფუნქციით, ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. წლების განმავლობაში ალიანსის მიერ წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ მას უნარი შესწევს, იყოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი მიუხედავად უმძიმესი დანაკარგებისა. ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება ავღანეთში მიმდინარე მისიის ერთ-ერთ უმსხვილეს მონაწილედ. ჩვენი ქვეყანა სრულად აცნობიერებს გლობალური ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეს. შესაბამისად, ცენტრის დაფუძნება არის კონტრიბუცია რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, - აღნიშნა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისთვის. მისი თქმით, ნატო-ს მხრიდან ეს არის მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატვის დემონსტრირება. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, თავდაცვის სამინისტროს, გენშტაბის უფროსს, ნატო-ს საერთაშორისო სამსახურს, ასევე, წევრ ქვეყნებს, ყველა ოფიცერსა და საჯარო მოხელეს, რომლებმაც ცენტრის დაარსების საქმეში წვლილი შეიტანეს.

„ბატონო გენერალური მდივანო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის, თქვენი ჩართულობისთვის და იმისთვის, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიბაში მონაწილეობთ. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ კვლავ გავაგრძლებთ მჭიდრო კონსულტაციებს ნატოს-სთან, ევროკავშირთან და დასავლელ პარტნიორებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვირებს, ერთიან, ღირსეულ და თავისუფალ ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.