„სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ“

„სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ საკითხებზე ისაუბრა, რასაც შეხვედრის დროს შეეხნენ მხარეები.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის შეუფერხებლად განხორციელებას და აღნიშნეს, რომ ამის ნათელი დადასტურებაა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი დღეს გახსნიან.

„მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი თავისი შინაარსითა და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საუბარი ასევე შეეხო ვარშავის სამიტის სამზადისს და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და საქართველოს მიერ გადადგმული ცალმხრივი პრაგმატული, კონსტრუქციული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

პრემიერთან შეხვედრისას გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და მაღალი შეფასება მისცა ავღანეთში, ნატო-ს მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს.