"MAP-ზე გაცილებით მნიშვნელოვანია ნატო-ს უფრო აქტიური ყოფნა საქართველოში"

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის გზავნილი იყო ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და ნატო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

როგორც დავით დონდუა აცხადებს, იენს სტოლტენბერგმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველოში ხორციელდება.

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც გასულ სამიტზე მიღებული არსებითი ღონისძიებათა პაკეტი იძლევა. ერთ-ერთი ღონისძიება არის სწავლების და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომლის ინაუგურაცია დღეს მოხდება და რომელსაც ნატო-ს გენმდივანი დაესწრება. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს, როგორც ორგანიზაციის და მისი თითოეული წევრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. მან დაგმო ის დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი ახორციელებს რეგიონში და აღნიშნა, რომ ეს არ არის მიმართული უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ. პირიქით, ეს კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას",- განაცხადა დავით დონდუამ.

მისივე ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე MAP-ზეც იყო საუბარი, თუმცა დონდუას თქმით, მაპი წინსვლის და პროგრესის ერთადერთ ინდიკატორად არ უნდა იქნას განხილული.

"რა თქმა უნდა, MAP-ზე იყო საუბარი, როგორც ჩვენი, ასევე ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან. არავითარ შემთხვევაში MAP არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლის და პროგრესის. MAP-ზე გაცილებით მნიშვნელოვანია ნატო-ს უფრო აქტიური ყოფნა საქართველოში, გაცილებით მნიშვნელოვანია მეტი ერთობლივი წვრთნები",- განაცხადა დავით დონდუამ.