საწარმოში 200 მდე ადამიანი დასაქმდება და ქვეყნის ბიუჯეტიც სოლიდურ სარგებელს მიიღებს

საწარმოში 200 მდე ადამიანი დასაქმდება და ქვეყნის ბიუჯეტიც სოლიდურ სარგებელს მიიღებს

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება, რომელსაც  შვეიცარიულ კომპანია”Multiplex”ს უკავშირებენ. ამ პროექტის იდეის ერთ-ერთ ავტორთან  გია შავდიასთან ინტერვიუს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს.

ბიზნესმენი 1990 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს და მისი ბიზნესი  ნავთობს, ნავთობის გადამუშავებას და ვაჭრობას უკავშირდება.

ინტერვიუში შავდია განმარტავს, რომ მას შემდეგ,რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, შესაძელებელი გახდა მსხვილი ინვესტიციების მოზიდვასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტზე ფიქრი.

„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ -კომპანია “New Art Way“  ჩვენს პარტნიორ კომპანია”Multiplex”თან ერთად, რომელიც საქართველოს ბაზარზე დიდი ხანია მუშაობს და კარგად იცნობს მას, დეტალურად შევისწავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის ინფრასტრუქტურა და დღესდღეობით მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები ნავთობის გადამუშავებაში. შემდეგ საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საშუალო ზომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. საშუალო ზომა 2 მილიონიდან 3 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავებას ითვალისწინებს. ჩვენ კონცენტრირება მსუბუქი ნავთობის გადამუშავებაზე გავაკეთეთ. გარდა კომპანია”Multiplex”სა და სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომპანია “New Art Way“-სა, ჩვენს პროექტში ჩართული იქნებიან მსხვილი ევროპული საინვესტიციო ჯგუფები. ჩვენი ინოვაცია მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ შევაერთეთ კატალიტიკური კრეკინგი და ელექტროენერგიის გამომუშავება. ამასთან ერთად მინდა დავძინო, რომ ჩვენს მთავარ პრიორიტეტს ევროპული სტანდარტის პროდუქციის წარმოება და ეკოლოგიური ნორმების დაცვა წარმოადგენს“, - აცხადებს გია შავდია.

მისივე განმარტებით,  ნავთობის გადამუშავების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას გოგირდის უტილიზაცია წარმოადგენს.

„ამ პრობლემის გადასაწყვეტად ჩვენ ვიყენებთ საქართველოში დამუშავებულ ტექნოლოგიას, რომელიც  ითვალისწინებს გოგირდის გამოტუტვას საქართველოში არსებული მარგანეცის მადნის ნარჩენების საშუალებით, რაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით არის დაგროვილი. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება მანგანუმის სულფატი, რაც აგრეთვე საექსპორტო პროდუქციაა. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ორ პრობლემას ვწყვეტთ. პირველი - ჩვენ მთლიანად ვაცილებთ გოგირდის შემცველობას პროდუქციას რომელსაც ვაწარმოებთ, მეორე - მავნე აირების გაბნევა ატმოსფეროში პრაქტიკულად ნულამდე იქნება დაყვანილი.  ქარხანა გამოიმუშავებს არა მხოლოდ ევროსტანდარტის ბენზინს, დიზელსა და თხევად გაზს, არამედ გამოიმუშავებს ელექტრონერგიასაც, დაახლოებით 50 მეგავატს საათში.  ამ ორი ტექნოლოგიის შერწყმა საშუალებას გვაძლევს არსებული ენერგორესურსები თითქმის 85 %-მდე გამოვიყენოთ, რაც  რეალურად ძალიან კარგი მაჩვენებლია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც საქართველოს ბაზარზე გაიყიდება, დააკმაყოფილებსევრო სტანდარტის მოთხოვნებს.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური გარემოსათვის, რადგან გამონაბოლქვში მავნე აირების შემცირება ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს“, - აღნიშნავს შავდია.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ შეირჩა ბათუმი პროექტის განსახორციელებლად, შავდია აღნიშნავს, რომ ბათუმს რამოდენიმე სერიოზული პრიორიტეტი გააჩნია სხვა ზღვისპირა ქალაქებთან შედარებით. მისი თქმით, ბათუმს კარგად აქვს განვითარებული სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა.

„პორტი და ნავთობტერმინალი საშუალებას იძლევა დამუშავებულ იქნას 80 000 ტონიანი ტანკერები. რადგან 2 მილიონი ტონის გადამუშავებისთვის,  ჩვენ ყოველთვიურად უნდა შევძლოთ 160-200 000  ტონა ნავთობის მიღება და წარმოებული პროდუქციის გატანა მსოფლიო ბაზრებზე. ასეთი ამოცანის გადაწყვეტა კი დღეისათვის საქართველოს სხვა არცერთ ქალაქს არ შეუძლია“, - აცხადებს შავდია.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქარხანამ ვიზუალურად არ დაამახინჯოს ქალაქის ხედი, ქარხნის დანადგარების თითქმის მთელი ნაწილი იქნება დახრილი - ანუ გათვლილი იქნება კოლონებზე, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე არ აღემატება 12 მეტრს. აქედან გამომდინარე, არც ზღვიდან, არც ქალაქიდან და არც ავტოსტრადიდან ქარხანა არ  გამოჩნდება. ქარხნის საცავები აღჭურვილი იქნება „მცურავი სახურავებით“ და „სპეციალური დამჭერებით“, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს აირებისა და ნავთობის სუნის გავრცელებას ატმოსფეროში. შავდიას განცხადებით, სწორედ ამ სისტემას იყენებს BP სუფსის ტერმინალზე. აგრეთვე აშენდება სპეციალური ხმაურდამცავი ნაგებობები - ქარხანა აღჭურვილი იქნება დღეისათვის არსებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგიით. 

„ძველი ქარხნისაგან დარჩენილია მხოლოდ სახელი. ტერიტორია ძირეულად არის გასასუფთავებელი ნანგრევებისაგან და წლების მანძილზე მიწაში ჩაღვრილი ნავთობის მძიმე ნარჩნებისაგან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ქარხნის ტერიტორია მთლიანად გავათავისუფლოთ ამ მიწისაგან, განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მიწის ის ნაწილი, რომელიც გაწმენდას ან გატანას არ ექვემდებარება, დავფაროთ ბეტონის შრეებით. ეს ყველაფერი ბიუჯეტში გვაქვს გათვალისწინებული“ - აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, ქარხანა გამოიმუშავებს დაახლოებით 50 მეგავატს საათშისაბაზისო ელექტრონერგიას. ეს არ იქნება ელექტროენერგია, რომელიც ამინდზე და წყლის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

„ვფიქრობთ, ეს  საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო აჭარის რეგიონისათვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც. საწარმოში დასაქმდება 200 მდე ადამიანი და ქვეყნის ბიუჯეტიც მიიღებს სოლიდურ სარგებელს. ჩვენ ვაპირებთ 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას საწარმოში, დაახლოებით 18 თვეში მის დასრულებას და წელიწადში 2 მილიონი ტონა პროდუქციის წარმოებას. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, შესაძლებელი გახდება მეორე ეტაპის ამუშავებაც - წარმადობის გაზრდა, რომელიც ასევე დამატებით 150-200 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ეკოლოგიის საკითხებში ერთ-ერთ წამყვან კომპანია „გამა“სთან, რომელმაც თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოთქვა მზადყოფნა სრული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამოდენიმე წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან სრული ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად“, - აღნიშნავს შავდია ინტერვიუში.