რევაზ არველაძემ არჩევნები უკვე მოიგო?! – „ახალი თაობა“ სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროებს

რევაზ არველაძემ არჩევნები უკვე მოიგო?! – „ახალი თაობა“ სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროებს

გაზეთი „ახალი თაობა“ წერს, რომ 3 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია ქართულ ფეხბურთში. ამ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ვნებათაღელვაც ნელ-ნელა მატულობს.

გუშინ რევაზ არველაძემ ოფიციალურად გააკეთა განცხადება დარეგისტრირების შესახებ. მანამდე კი ერთადერთი დარეგისტრირებული კანდიდატი უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია იყო, რომელსაც ადრეც უცდია არჩევნების მოგება, მაგრამ უშედეგოდ.

გულშემატკივრებში გავრცელებული ხმებით, ყველაზე დიდი ბრძოლა არველაძესა და კობიაშვილს შორისაა მოსალოდნელი - აღნიშნავს „ახალი თაობა“.

როგორც გაზეთი წერს ეს გასაგებიცაა -  არველაძე უკვე წლებია, ფედერაციაში მუშაობს, სხვებზე მეტად გამოცდილია ამ საქმეში და მეტი ბერკეტიც გააჩნია შიგნიდან. სამაგიეროდ, კობიაშვილი უზომო პოპულარობით სარგებლობს ქომაგებში, თუმცა “ავისმსურველნი” მთავრობის ფავორიტად ასახელებენ და არჩევნებში ხელისუფლების ჩარევის მოსალოდნელ საფრთხეებზეც მიუთითებენ. ამის უმთავრეს მიზეზად კი ქვეყნის ვიცეპრემიერ კახა კალაძეს ასახელებენ, რომელსაც კობიაშვილთან ახლო მეგობრობა რომ აკავშირებს, ცნობილი ამბავია.

გაზეთმა „ახალმა თაობამ“ სკანდალური დოკუმენტის მოპოვება შეძლო.

იხ. დანართი

 

„მივყვეთ მიმდევრობით: ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში 35 ხმოსანი სუბიექტი მონაწილეობს, ოღონდ წელს ერთი გამონაკლისია სფფ-ის მიერ წინა ჩემპიონატიდან მოხსნილი საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ დასჯილია და, შესაბამისად, ხმის უფლებაც შეუჩერდა.

იქიდან გამომდინარე, რომ „ზესტაფონის“  პრეზიდენტი ილია კოკაია ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის აქტიურ ოპონენტად მიიჩნევა, შეიძლება ითქვას, რომ მისი დასჯით სწორედ არველაძემ მოიგო, რადგან ერთი პოტენციური ხმა ჩამოართვა კობიაშვილს.

დარჩა 34 სუბიექტი, რომელთაგან უმეტესობა რეგიონული ფედერაციები და ასოციაციებია, სწორედ ის ფილიალები, რომლებიც უშუალოდ სფფ-ის დაქვემდებარებაში შედიან - სულ 22 წევრი.

როგორც წესი, ეს სუბიექტები თავად ირჩევენ თითო დელეგატს ხმის უფლებით და სწორედ ამ დელეგატების სინდისზეა მომავალი პრეზიდენტის ბედი. ეგაა, აქამდე ჩატარებულ თითქმის არცერთ არჩევნებზე დელეგატებს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ალბათ ამიტომაც არ იყო ეს საკითხი აქტუალური. წლევანდელი არჩევნები კი ამ მხრივაც გამორჩეული ჩანს.

ჩვენ მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტებიც სწორედ ამ დელეგატებს ეხებათ რატომღაც, რეგიონული ფედერაციები დელეგატებად თურმე „ირჩევენ“ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ არიან დასაქმებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. სტატიაზე თანდართულ სურათებზე შეგიძლიათ ნახოთ გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის მიერ სფფ-ში გაგზავნილი დადგენილება, სადაც წერია, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატად არჩეულია გოჩა ტყებუჩავა. რომ არ დაგაბნიოთ, აქვე გეტყვით: ტყებუჩავა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია ანუ ის დღეს ოფიციალურად ითვლება ფედერაციის თანამშრომლად და, როგორ ფიქრობთ, ვინ დარჩება ამით მოგებული?

რიტორიკული კითხვა პასუხს, ალბათ, აღარც საჭიროებს, რადგან, თუ ლოგიკას მოვიშველიებთ და დანარჩენ 21 სუბიექტზეც მსგავს სცენარს წარმოვიდგენთ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რევაზ არველაძეს არჩევნებში წარმატება, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს“, - წერს  „ახალი თაობა“.

აქვე გამოცემა წერს, რომ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე ცოტა ხნის წინ პირადად „გამოუტყდა“ ადგილობრივ ვეტერანებს, რომ ხმას არველაძეს აძლევდა და გურულების ფავორიტ მერაბ ჟორდანიაზე უარს ამბობდა. ამ შეხვედრაზე კი ებრალიძემ გასაოცარი საქციელითაც მოიწონა თავი  თურმე ის ძალიან ამაყობს იმით, რომ ორჯერ შეძლო, უმაღლეს ლიგაში ეთამაშებინა ლანჩხუთის „გურია“, მაშინ როცა კლუბს საამისო ლიცენზია არ გააჩნდა.

„კულუარულმა წყარომ, ტყებუჩავას გარდა, სხვა სუბიექტების მიერ დასახელებული საინტერესო დელეგატებიც გაგვიმხილა: ოთარ კორღალიძე (ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი), ნიკა ჩხეიძე (ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორი), გიორგი ხაჩიძე (სფფ-ის აკადემიის მენეჯერი). ბავშვთა სკოლების ასოციაციას სულაც არჩილ არველაძე ხელმძღვანელობს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე კონტროლი უშუალოდ სფფ-ის გენერალურ სამდივნოს ევალება, თუმცა ინფორმაცია მიუწვდომელი რჩება სხვა კანდიდატებისთვის, მაშინ როცა რევაზ არველაძე ამ მხრივაც უპირატესობაშია.

ჩვენი ინფორმაციით, სამდივნოში უკვე 15-მდე განცხადებაა შესული იდენტური შინაარსით  ყველა არველაძეს უჭერს მხარს, ხოლო დელეგატად სფფ-ს თანამშრომელია წარდგენილი. არადა, თავად არველაძეც და მისი ოპონენტებიც ღიად აცხადებენ, რომ ჯერჯერობით სუბიექტებთან შეხვედრები და საკუთარი პროგრამების პრეზენტაცია არც კი დაუწყიათ. არველაძემ ოფიციალურად მხოლოდ გუშინ განაცხადა, რომ უფლებამოსილებას იჩერებს და კანდიდატად წარდგენილია. ეს იმ დროს, როცა ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ მისი წარდგენა სუბიექტებმა ერთი კვირის წინ დაიწყეს. უფრო მეტიც, 14 აგვისტოს, პარასკევს, გახდა ცნობილი არჩევნების თარიღი, 17 აგვისტოს, ორშაბათს, დაიწყეს კანდიდატურად არველაძის წარდგენა. ალბათ, დღესავით ნათელია, რატომ ასაიდუმლოებდა ამას არველაძე. ყველა დოკუმენტაცია მხოლოდ მისთვისაა ხელმისაწვდომი. დანარჩენი კანდიდატებისთვის წინასაარჩევნო შეხვედრები უკვე აზრს კარგავს.

მოკლედ, ფეხბურთში მრავალჯერ ნახსენები „ყველაზე კარგი დაცვა თავდასხმაა“ რევაზ არველაძემ საკუთარ თარგზე მოჭრა და... თუ რამე სასწაული არ მოხდა, ალბათ, არჩევნებსაც ამით მოიგებს“, - წერს გაზეთი.