ბათუმში სამაშველო ჯგუფები დამატებით თბილისიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან ჩავიდნენ

ბათუმში სამაშველო ჯგუფები დამატებით თბილისიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან ჩავიდნენ

ბათუმში სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად სამაშველო ჯგუფები დამატებით თბილისიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან იქნა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, აჭარის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, გაწმენდით და ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

ძლიერმა წვიმამ ფოთშიც დატბორა სახლები და ქუჩები. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები სპეციალური წყალსაქაჩი ტექნიკით მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 205 მაშველ-მეხანძრე.

ფოთსა და ბათუმში სამაშველო, გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები დღესაც გრძელდება.