დღეს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

დღეს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

26-27 აგვისტოს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ 20:00 საათისთვის ჩამოვა.

რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს, ცნობილია, რომ 27 აგვისტოს, 08:30 საათზე ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან გამართავს.

27 აგვისტოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს გახსნის. ალიანსის გენერალური მდივანი  საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულსაც შეხვდება, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.

27 აგვისტოს, 15:30 საათზე ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდება.

ამავე დღეს, 27 აგვისტოს 16:45 საათზე იენს სტოლტენბერგი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, 17:15 საათზე კი მათი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. 

გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.  

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის  მზადების პროცესი.  

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენ-მდივნის რანგში, ეს იანს სტოლტენბერგის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.