შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ბავშვთა სიკვდილიანობას ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირების ტენდენცია აქვს. მათ შორის წელსაც უფრო ნაკლები იყო, ვიდრე შარშან. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"შარშანწინ ჩვენ შევცვალეთ სტატისტიკური სისტემა და აღმოვაჩინეთ, რომ მას ბევრი ხარვეზი ქონდა, ანუ გამომჟღავნდა შემთხვევები, რომელიც ადრე არ მჟღავნდებოდა. ტენდენცია შემცირებისკენაა, თუმცა ეს არ არის ჯერ ევროპულ დონეზე და ამაზე ვაგრძელებ ინტენსიურ მუშაობას", - განაცხადა სერგეენკომ.
2014 წლის განმავლობაში და 2015 წლის 6 თვეში, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 812 შემთხვევა დაფიქსირდა.
"ინტერპრესნიუსმა" ჯანდაცვის სამინისტროდან სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა, რომლის მიხედვით, იგივე პერიოდში ბავშვთა მკვდრადშობადობის 919 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იდენტურ პერიოდში 1-5 წლამდე 97 ბავშვია გარდაცვლილი; მშობიარობის შედეგად კი, 30 დედა დაიღუპა.
2015 წლის 6 თვის მონაცემები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია.