საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის შეფასებით, ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობაში. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის და ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნის შეფასებისას განუცხადა.
"ეს იქნება თავისი მასშტაბით, ფუნქციით და მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ერთობლივი პროექტი, რომელსაც ჩვენ უელსის სამიტის პაკეტის ფარგლებში განვახორციელებთ. წინ გვაქვს კიდევ სკოლის გახსნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ღონისძიება, რომელიც 27 აგვისტოს არის დაგეგმილი, საბოლოო ჯამში მოემსახურება არამარტო საქართველოს უსაფრთხოებას", - განაცხადა ხიდაშელმა.