ალექსანდრე მაისურაძის შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი პირველ რიგში პოლიტიკური გზავნილია

ალექსანდრე მაისურაძის შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი პირველ რიგში პოლიტიკური გზავნილია

ნატოში საქართველოს ელჩის ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი პირველ რიგში არის პოლიტიკური გზავნილი და იმის დასტური, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამის შესახებ ალექსანდრე მაისურაძემ ჟურნალისტებს საქართველოში 26-27 აგვისტოს დაგეგმილი ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

"ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ალიანსი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცისს პროცესის შეუქცევადობას", - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს საწვრთნელ ცენტრს, მისი თქმით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების თვალსაზრისით.

"ცენტრი გააუმჯობესებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას, ასევე გააუმჯობესებს მის თავსებადობას ალიანსის შეიარაღებულ ძალებთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ხაზი უნდა გავუსვათ, ეს არის ის, რომ ცენტრი არის ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არიან სათანადო დონეზე მომზადებულები, მზად არიან იმისთვის, რომ თავისი გამოცდილება გაუზიარონ ალიანსის წევრებს და პარტნიორი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ნატოში საქართველოს ელჩმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრებზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ სარკინიგზო ჯარების შეყვანა და რკინიგზის აღდგენა, ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბუნებრივია, იქნება საუბრის თემა.

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად ვერ გაგცემთ პასუხს, თუ რა კონტექსტში განიხილება, უბრალოდ, ჩემი შეფასება არის ასეთი – ეს არის კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც ხორციელდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან", - განაცხადა ელჩმა.