გიგა ბედინეიშვილი:   ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება

გიგა ბედინეიშვილი: ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება

ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას "არაეფექტურს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ ლარის დასტაბილურების მიზნით საბიუჯეტო ხარჯები კიდევ უნდა შემცირდეს.

როგორც ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას გიგა ბედინეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეკონომიკის ზრდას ხელს არ უწყობს სოციალური პროექტები, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს.

"არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ მიმდინარე მოვლენები ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს. ვხედავთ, რომ არასახარბიელო ვითარებაა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ასევე მკვეთრად შემცირებულია ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, სუსტია კაპიტალის ბაზრები აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, ნავთობის ფასი დაცემულია, რუბლი კიდევ უფრო გაუფასურებული. მე ბაქოში ვარ და შეიძლება ითქვას, რომ დევალვაციის სუნი აქაც იგრძნობა. ამას ემატება ისიც, რომ საშინაო ფაქტორებიც უარყოფითია, ანუ არის ისევ და ისევ პოპულისტურად დაგეგმილი ბიუჯეტი. პრაქტიკულად არ მომხდარა ხარჯების შემცირება. მთავრობას კვლავ აქვს აღებული ვალდებულებები, რომელიც ვერანაირად ვერ ჩაითვლება ეკონომიკისთვის მომგებიანად, ვინაიდან სოციალური ხარჯები უკუგებას ვერანაირად ვერ იძლევა. ასე, რომ ეს არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკაა. გარდა ამისა, მთავრობა მუდმივად ცდილობს, რაღაც ახალი შეზღუდვა დააწესოს, ახალი ბარიერი შექმნას.

ხარჯების შემცირება, ეკონომიკის დერეგულაცია, ბარიერების შემცირება და შეზღუდვების შემცირება - ეს იქნებოდა კარგი სიგნალი ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა ისაა, რომ შიდა და გარე ინვესტორებისთვის უკვე რთული დასაჯერებელია ლიბერალური პოლიტიკა იმ მთავრობისა და იგივე ხალხისგან, რომლებიც მუდმივად მიდრეკილნი იყვნენ იმისკენ, რომ ახალი შეზღუდვა მოეგონებინათ - აქციზი გაეზარდათ, ახალი სოციალური პროგრამა დაეფინანსებინათ, მიწის გაყიდვა და თუ ვიზების გაცემა შეეზღუდათ...", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა, რომლის განმარტებითაც, არ სჯერა, რომ მთავრობას ექნება პოლიტიკური ნება, "რამე რადიკალურად შეცვალოს".

აღნიშნულ კონტექსტში ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება.

"მე არ ველოდები იმას, რომ ლარი გამყარდება. არც შიგნით მიმდინარე მოვლენები და არც ის, გარეთ რა ხდება, ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას ხელს არ უწყობს. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება", - აღნიშნა ეკონომისტმა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,3336 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.6342 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.