მთავრობამ მოსახლეობა და ქვეყანა გააღარიბა, ამიტომ ის უნდა გადადგეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 40%-ით გაუფასურებულია, აქედან ზაფხულის პერიოდში ვალუტის კურსის ვარდნამ 5% შეადგინა.
"მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ზაფხულში ტურისტული სეზონის გამოყენებით ლარის გამყარებას გარკვეულწილად შეუწყობდნენ ხელს, პირიქით მოხდა და ლარი ამ პერიოდის განმავლობაში 5%-ით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა პირდაპირ აისახება მოსახლეობის გაღარიბებაზე. აღნიშნულის მიზეზი კი ხელისუფლების მხრიდან გეგმის არ ქონა, პროცესების არაადეკვატურად შეფასება და უუნარობაა. შემცირებულია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის ექსპორტი, ინვესტიციები, რაც პირდაპირ ურტყამს ლარის კურსს. იზრდება ფასები, უმუშევრობა და მოსახლეობასთან ერთად ქვეყანაც ღარიბდება, რადგან ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის დაძლევის გეგმა არ აქვს, პირიქით - ის ამ წლების განმავლობაში ისეთ რეგულაციებს ღებულობდა, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას პირდაპირ ბლოკავდა, ჩვენ მის გადადგომას მოვითხოვთ. ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და არჩევნები დაინიშნოს", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.