"რუსთავი 2"-თან დაკავშირებული განცხადება შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც აშშ-ის ხელისუფლებისა და საელჩოს პოზიცია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლას ბერლინერი მისი მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს. როგორც ნიკოლას ბერლინერმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება ამერიკის მთავრობის და საელჩოს პოზიციაა.

"განცხადება, რომელიც გასულ კვირას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გავაკეთე, ვფიქრობ მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. კარგად არის ცნობილი შეერთებული შტატების პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ მოვუწოდეთ სიფრთხილისკენ და იმედი გამოვთქვით, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად წარიმართება. ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შეერთებული შტატების ხელისუფლებისა და საელჩოს პოზიცია", -განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთეული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა Media.ge-სთან გაკეთებულ კომენტარში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განაცხადა, რომ "წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს".

ნიკოლას ბერლინერის ამ განცხადებას ღია წერილით უპასუხა მწერალმა დავით მაღრაძემ. როგორც მაღრაძემ დაწერა, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება აღარ აკონტროლებს მედიას.

"თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად მინდა რომ თქვენი, ვფიქრობ უსაფუძვლო შეშფოთება დავაცხრო და გითხრათ რომ იყავით მშვიდად, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება, რადგან ურეიტინგო, პოლიტიკურ-ზნეობრივად გაკოტრებული, ხალხის უნდობლობით დაღდასმული, დაშლილი, დანაწევრებული "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდება. ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს.

იქნებ სცადოთ პოეტის მოსმენა. სადაც პოეტს არ უსმენენ, დიქტატორის მოსმენა მოუწევთ", - ნათქვამია დავით მაღრაძის ღია წერილში.