აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მთიან ყარაბაღში ხუთი სომეხი სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მთიან ყარაბაღში ხუთი სომეხი სამხედრო დაიღუპა

ხუთი სომეხი სამხედრო დაიღუპა და რვა დაიჭრა მთიანი ყარაბაღის ე.წ. საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თავდაპირველად სომხურმა მხარემ დაარღვია.

"მოულოდნელად მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს აღდამისა და ხოჯავენდის ტერიტორიაზე", - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, მცირეხნიანი დაპირისპირების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება სროლა შეეწყვიტა და სომხებისთვის ცხედრების გადასვენების და დაშავებულების გაყვანის შესაძლებლობა მიეცა.

ბოლო მსგავსი შემთხვევა მთიან ყარაბაღში 25 ივლისს მოხდა. მაშინ სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ დაიღუპა ხუთი აზერბაიჯანელი სამხედრო, ოფიციალურ ბაქოში კი მხოლოდ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი დაადასტურეს.