დავით გალეგაშვილი - ჩემი ურთიერთობა წისქვილებსა და ხორბალთან რამდენიმე წლის წინ დასრულდა

დავით გალეგაშვილი - ჩემი ურთიერთობა წისქვილებსა და ხორბალთან რამდენიმე წლის წინ დასრულდა

ოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის განცხადებით, მისი ურთიერთობა წისქვილებსა და ხორბალთან რამდენიმე წლის წინ დასრულდა , - ამის შესახებ გალეგაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც თანახმადაც, გალეგაშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ("ზარალა") ერთად, ხორბლისა და ფქვილის ბიზნესს კურირებს.

"ჩემი ურთიერთობა წისქვილებსა და ხორბალთან რამდენიმე წლის წინ დასრულდა. ამ ეტაპზე კავშირი მხოლოდ იმ თვალსაზრისით მაქვს, რომ სხვადასხვა ჯიშის ხორბლის გამოცდა დავიწყეთ. კერძოდ, 35 ჯიშიდან უნდა შევარჩიოთ 3-5 ჯიში, რომლის წარმოება საქართველოში გაამართლებს. ჩვენი მიზანია, საქართველომ ხორბალი თავად აწარმოოს", - განაცხადა გალეგაშვილმა.

რაც შეეხება კომპანია "აგრიკომის" ხელმძღვანელის კოკი ოსიპოვის განცხადებას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეთანხმებოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ არასამართლიან ფასად ფქვილი არ უნდა შემოდიოდეს, გალეგაშვილის თქმით, სამინისტროსთვის ფასების საკითხი არა მხოლოდ ხორბლის, ყურძნის, ციტრუსების, კარტოფილისა და სხვა მიმართულებითაც საინტერესოა. 

"ინფორმაციას ვაგროვებთ. რაც შეეხება "კარმენს", ნებისმიერი მონოპოლისტი კომპანიის წინააღმდეგი ვიქნები. "კარმენმა" თავის დროზე ოთხი უზარმაზარი წისქვილი იყიდა, ანტიმონოპოლიური კანონის მიღების შემდეგ კი ამ კუთხით კარგი მოქმედებები დაიწყო. უპირატეს მდგომარეობაში არც ერთი კომპანია არ უნდა იყოს. რაც შეეხება კოკი ოსიპოვს, ორი წელია არ შევხვედრივარ", - განაცხადა გალეგაშვილმა.

კითხვაზე - ვის ხვდებოდა კოკი ოსიპოვი სამინისტროში და ივნისიდან მოყოლებული, რაც ხარისხის კონტროლი გამკაცრდა, რატომ არ ამოწმებდნენ სხვა კომპანიებთან ერთად "აგრიკომს", გალეგაშვილმა აღნიშნა, რომ მას კოკი ოსიპოვი სამინისტოში არ უნახავს.

"კოკი სამინისტროში არ მინახავს, შესაძლოა სხვასთან ჰქონდა კონტაქტი. ხანდახან ტელეფონით ვესაუბრები, მაგრამ როგორც გითხარით, მასთან საქმიანი ურთიერთობა ოთხი წლის წინ დავასრულე. რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, უვნებლობის სამსახური ყველას ამოწმებს, მათ შორის, "აგრიკომს", თუმცა საზღვარზე კომპანიების შემოწმებაში ჩვენ არ ვერევით, მხოლოდ ქვეყნის შიგნით ყველა პროდუქტის მაჩვენებლებს ვამოწმებთ", - განაცხადა გალეგაშვილმა. 

კომპანია "აგრიკომის" ხელმძღვანელის კოკი ოსიპოვის განცხადებით, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში პერმანენტულად მართავს შეხვედრებს.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროში პერმანენტულად ვმართავ შეხვედრებს ორ საკითხზე: არასამართლიან ფასად ფქვილის იმპორტის შეზღუდვასა და ასევე იმ საკითხზე, რომ ერთი კომპანია დომინირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, ანუ ადრე "კარმენთან" დაკავშირებითაც ვხვდებოდი. მე ეს ორი მთავარი პრობლემა მაქვს. როგორც კი არასამართლიან ფასად იმპორტირებული ფქვილი შემოვა, ადგილობრივი წარმოება დაინგრევა. მეც ბაზარზე ოპერირებას ვეღარ გავაგრძელებ, რადგან მომხმარებელი არ მეყოლება", - განაცხადა ოსიპოვმა.
მისივე თქმით, სამინისტროში ეთანხმებოდნენ, რომ არასამართლიან ფასად ფქვილი არ უნდა შემოდიოდეს, "ეს პოზიცია სოფლის მეურნეობას ნამდვილად აქვს".