ელმარ ბროკი - ცალსახად უნდა დაფიქსირდეს, რომ შეწყდეს მცოცავი ოკუპაცია

ელმარ ბროკი - ცალსახად უნდა დაფიქსირდეს, რომ შეწყდეს მცოცავი ოკუპაცია

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელმარ ბროკის განცხადებით, რუსეთის მცოცავი ოკუპაცია მიუღებელია და საქართველოს მთავრობამ თავისი უფლებები უნდა დაიცვას. ამის შესახებ ელმარ ბროკმა გაზეთ "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებებმა გადამწყვეტი ტონი უნდა შეიძინოს, რუსეთმა კი ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. 
"ცალსახად უნდა დაფიქსირდეს, რომ შეწყდეს მცოცავი ოკუპაცია. თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ხელში ჩაიგდებს ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, როგორიცაა გაზსადენი, მაშინ ეს საგანგაშოა და ძალიან, ძალიან მაშფოთებს", - განაცხადა ელმარ ბროკმა. 

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველოს საკითხში დასავლეთმა მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ "კეთდება ის, რის შესაძლებლობასაც არსებული სიტუაცია გვაძლევს".

"ცალსახად უნდა დავაფიქსიროთ, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი და მას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასე რომ, არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად. რუსეთს უნდა შევაგნებინოთ, რომ საქართველოსა და მსგავსი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა მათ წინააღმდეგ მიმართული საფრთხე­ კი არა, ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია და მათ აქვთ უფლება, შიდა საქმეები თავადვე გადაწყვიტონ", - განაცხადა ევროდეპუტატმა. 

მისივე თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა საფრთხის ქვეშ დადგეს. 

"ეს არ უნდა დავუშვათ! ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, საკითხი ასე უნდა იდგეს: სურთ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა და ცხოვრების ისეთი სტანდარტი, როგორიც რუსეთშია, სადაც 80-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა, თუ სურს ევროპასთან პარტნიორობა და წარმატებული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური და სოციალური სისტემა?
ჩვენ დავეხმარებით იმ ქვეყნებს, რომლებიც არჩევანს ევროპაზე შეაჩერებენ", -აღნიშნა ელმარ ბროკმა.

რაც შეეხება იმას, რომ რუსეთმა საქართველო გაფართოებული კონტრსანქციების სიაში არ შეიყვანა და უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციების სრულ პაკეტს, ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ სანამ იმის განხილვა მოხდება, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციებს, "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსეთს აქვს დღეს სანქციები დაწესებული საქართველოსთვის, როგორც სავაჭრო, ასევე სხვა საკითხებში". 

"ვფიქრობ, ამ პირობებში, საქართველომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნისთვის სასიკეთოდ ჩათვლის", -აღნიშნა ელმარ ბროკმა. 
მისივე თქმით, ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს, იმავდროულად, რუსეთს საერთაშორისო შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება აიძულოს.
"რუსეთისთვის არავის მიუცია უფლება, ჩაერიოს სხვა ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებში. ამჟამად, მთავარია, საქართველოს ევროპული პერსპექტივა გავაძლიეროთ", -განაცხადა ევროდეპუტატმა.