შეშფოთების საბაბი არ გვაქვს და პოლიცია თავის ფუნქციებს ეფექტურად შეასრულებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რითაც ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდული უფლებებით შს სამინისტროს კრიმინალთან ბრძოლა შესაძლოა გაუჭირდეს.
როგორც მღებრიშვილი განმარტავს, საზოგადოებას პოლიციის იმედი აქვს და შსს-ს უფლება არ აქვს მას იმედები გაუცრუოს.
"ჩვენ ახლაც დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ისეთი, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფამდე. ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა, რასაც მთლიანად საპოლიციო ფუნქციები ფარავს. ამ ეტაპზე სწორედ იმას ვაფასებთ, პასუხობს თუ არა ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები მოთხოვნებს, რომელი სფერო უნდა გავაძლიეროთ, სად უნდა მოხდეს ხელახალი განაწილება. თავდაპირველი შეფასების საფუძველზე შეშფოთების საბაბი არ გვაქვს და პოლიცია თავის ფუნქციებს ეფექტურად შეასრულებს. საზოგადოებას პოლიციის იმედი აქვს და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მას იმედი გავუცრუოთ", - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.
რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს, რომ სამინისტროში "ძველი, კორუმპირებული კადრები დაბრუნდნენ", შსს მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს, უწყებას ნებისმიერი ასეთი ფაქტის შესახებ აცნობოს.
"მინდა, მივმართო მოქალაქეებს: ნებისმიერი ასეთი ფაქტის შესახებ გვაცნობეთ და ნახავთ, როგორ საპასუხო ნაბიჯებს გადავდგამთ! ვიმეორებ: გთხოვთ, გვაცნობოთ ფაქტები... რაც შეეხება ზოგად ლაპარაკს, რომ ვიღაც კორუმპირებულია, მტკიცებულებების გარეშე ეს მხოლოდ შეფასებითი მსჯელობაა და ჩემთვის მიუღებელია.
ვფიქრობ, დღეისთვის პოლიციაში კორუფცია პრობლემა არ არის, თუმცა, პრევენციული მუშაობა მაინც ინტენსიურად მიმდინარეობს", - აღნიშნავს შს მინისტრი.
გიორგი მღებრიშვილი ინტერვიუში გავრცელებულ ინფორმაციაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, შს მინისტრად მისმა დანიშვნამ "რესპუბლიკელები" გაანაწყენა და, როგორც აცხადებს, ამ საკითხზე არაფერი იცის.
"ამ საკითხზე არაფერი ვიცი. თუმცა, რომც ვიცოდე, შს მინისტრი რაც ნაკლებს ისაუბრებს პოლიტიკურ თემებზე, მით უკეთესი იქნება ეს პოლიციის საქმიანობისთვის", - განმარტავს გიორგი მღებრიშვილი.