პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ უმასპინძლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯღალოსნებს მსოფლიოს თასისთვის ბრძოლაში წარმატება უსურვა და რაგბის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, 2017 წელს საქართველო ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატის ფარგლებში მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მომავალში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში რაგბი სულ უფრო განვითარდეს, რომ ხელშეწყობა გაიზარდოს. იცით, რომ ამოქმედდა რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ფონდი "ქართუ" აგრძელებს დაფინანსებას და ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული ამ პროგრამაში. სწორედ ამ ერთიანი ძალისხმევით შევძელით ის, რომ უკვე მორაგბეებს 15 ახალი არენა ექნებათ. თქვენი დამსახურებაა ის, რომ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მანდატი საქართველომ წამოიღო. 2017 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. მინდა გისურვოთ წარმატება, მჯერა რომ ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას, სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებით და კიდევ ერთხელ აღგვავსებთ სიამაყითა და დიდი სიხარულით", - მიმართა პრემიერმა მორაგბეებს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს 19 სექტემბერს გამართავს.