თუშეთიდან ტურისტების გამოყვანაში ავიაცია ჩაერთო

თუშეთიდან ტურისტების გამოყვანაში ავიაცია ჩაერთო

თუშეთში სტიქიის შედეგად ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს , სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაცია. ვეტმფრენებმა 350 ადამიანი სტიქიის ზონიდან ახმეტისა და თელავის მიმართულებით უკვე გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელები. ტურისტების გადმოყვანის პროცესს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი ხელმძღვანელობენ. 

გიორგი ამაშუკელის თქმით, რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და ტექნიკა, რათა თუშეთში სტიქიის გამო ჩარჩენილი ყველა ტურისტის უსაფრთხოდ გამოყვანა მოხდეს. პარალელურად, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 500 მეტრამდე გზის მონაკვეთი. 

კახეთის რეგიონში 21 აგვისტოს, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დაიმეწყრა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია. როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უამინდობის გამო ამ დრომდე ტურისტების გადმოყვანა ვეტმფრენითაც შეუძლებელი იყო.