ვახტანგ ლიჩელის გრაკლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელობიდან ჩამოშორებას მოითხოვენ

ვახტანგ ლიჩელის გრაკლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელობიდან ჩამოშორებას მოითხოვენ

საყდრისის დაცვის კომისიის წევრები გრაკლიანის გათხრებში მონაწილე ექსპედიციის ხელმძღვანელს ვახტანგ ლიჩელს უპირისპირდებიან და მისი ექსპედიციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ჩამოშორებას მოითხოვენ. 

ამის მიზეზად საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები პროფესორ ვახტანგ ლიჩელის რეპუტაციას ასახელებენ. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის ირაკლი მამალაძის განცხადებით, ვახტანგ ლიჩელი სამეცნიერო წრეებში ცნობილია როგორც კერძო კომპანიების კონტრაქტორი არქეოლოგი.

"კომიტეტს მიგვაჩნია, რომ ლიჩელი ამ სფეროში ურეპუტაციოა. მას ქონდა კერძო კომპანიებთან საკმაოდ საეჭვო კავშირები, საუბარია "RMG გოლდთან". ლიჩელმა ტერიტორია გაუსუფთავა ფაქტობრივად კომპანიას. 

ჩვენ ვითხოვთ კულტურის სამინისტროსგან და ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან ლიჩელი ჩამოშორდეს გრაკლიანის სამუშაოებს და საქმეში კვალიფიციური და სანდო რეპუტაციის პირები ჩაერთონ", - განაცხადა მამალაძემ. 

საყდრისის დაცვის კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს კორუფციული გარიგება ვახტანგ ლიჩელსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის და ხდებოდეს თანხების გათეთრება. კომისიის წევრების თქმით, მათ ამის ვარაუდის საფუძველს გრაკლიანის გათხრებისათვის გამოყოფილი დიდი რაოდენობის თანხები აძლევს. 

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები ვახტანგ ლიჩელის წარსულ საქმიანობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროფესორმა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო გრაკლიანის გორაკზე მუშაობა, თუმცა ორთვიანი მუშაოების შემდეგ ლიჩელმა განაცხადა, რომ იქ არაფერი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლის სტატუსის მატარებელი არ იყო. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები ვახტანგ ლიჩელის ამ გადაწყვეტილებას 2007 წელს იმ ავტობანის აშენებას უკავშირებენ, რომელიც მათი თქმით ლიჩელის დასკვნის შემდეგ გაკეთდა.