ქუვეითის პრესა რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავს ფართოდ აშუქებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, ქუვეითის წამყვანი გამოცემები ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ გამოფენას ეხმიანებიან.
"საქართველოს მთავრობა გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოების დახმარებას პროცესების დარეგულირებაში და მოუწოდებს მთავრობებსა და გაერო-ს წევრ ქვეყნებს გააძლიერონ ძალისხმევა, რათა რუსეთის ფედერაცია დაემორჩილოს მასზე საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალიწინებით დაკისრებულ ვალდებულებებს", - ნათქვამია გაზეთKuwait Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ომის წლისთავზე ასევე წერენ ისეთი გამოცემები, როგორიც არის: Alanda”, „Alqabas”, „Al-Seyassah”, „Aljazira”, „Alrai” და „Alnahar”..
საგარეო უწყების ცნობით, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, ფოტო გამოფენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ელჩმა პრესკონფერენცია მოიწვია.
როლანდ ბერიძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა 2008 წლის ომის, მისი მძიმე ჰუმანიტარულ-პოლიტიკური შედეგებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტული დარღვევების შესახებ, მათ შორის ხაზი გაესვა მოსკოვის მხრიდან წარმოებულ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული კვარტლური ანგარიშების (I და II კვარტლის) პრეზენტაცია.