ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილის დაწვის ფაქტზე დაკითხულები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა დაკითხულმა განუცხადა, მისი მეგობარი, რომელიც ამავე საქმეზე დაკითხეს, აცხადებს რომ ნაცემია.
"გუშინ დილით და გუშინ საღამოს ვიყავით დაკითხვაზე მე და ჩემი სამი მეგობარი. გვითხრეს, რომ ეჭვი ჰქონდათ ჩვენზე და ამიტომ წაგვიყვანეს დაკითხვაზე, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარესთან არასდროს არანაირი დაპირისპირება არ გვქონია, არც პოლიტიკაში ჩავრეულვართ არასდროს. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც დაკითხეს, აცხადებს, რომ ნაცემია. მასვე პოლიციასთან მცირე შელაპარაკება მოუვიდა და დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. სულ ასე ხდება, საქმეებს ვერ იძიებენ და მერე ხალხს იჭერენ", - აცხადებს ერთ-ერთი დაკითხული.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 188-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრაც დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება თუ რამ გამოიწვია ფაქტი. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
გარდა ამისა, შსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ჩაჩანიძის მეზობლად მცხოვრები თითქმის ყველა მამაკაცი დაკითხეს და მათზე ძალადობა განხორციელდა.