ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა "ნახევრად ომის მდგომარეობა" გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა "ნახევრად ომის მდგომარეობა" გამოაცხადა. "ბიბისის" ცნობით, მან ქვეყნის არმიას ომისთვის მზადყოფნის ბრძანება მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა. 

ჩრდილოეთ კორეამ ამ დრომდე არაერთხელ განაცხადა, რომ ის მიმართავს სამხედრო მოქმედებებს, თუ სეული ფხენიანის წინააღმდეგ პროპაგანდას არ შეწყვეტს. ჩრდილოეთ კორეა ყოველთვის მიმართავს მკაცრ რიტორიკას მაშინ, როდესაც სამხრეთ კორეასთან ვითარება იძაბება. 

გუშინ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვაზე სროლა იყო. როგორც სეულში აცხადებენ, ცეცხლი თავდაპირველად ჩრდილოეთ კორეამ გახსნა. აღნიშნულს სამხრეთ კორეის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. მომხდარის შემდეგ სეულმა სასაზღვრო რეგიონში მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია გამოაცხადა. 

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ 1950-1953 წლების ომის შემდეგ ფაქტობრივად სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთს არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი.