კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ძირითადი გზავნილი, რაზეც ნატო-ს გენერალური მდივანი , იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტისას ყურადღებას გაამახვილებს, იქნება ის, რის მოსმენასაც საქართველოში ელოდებიან. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ეს იქნება მადლობა ავღანეთში, ნატო-ს წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
"მე ჩემს გვერდზე მივუსამძიმრე საქართველოს 30-ე სამხედროს გარდაცვალების გამო. ვიცი, რომ გენერალურ მდივანსაც სურს მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვას და მადლობა გადაუხადოს საქართველოს. გენერალური მდივანი შეაფასებს და მოუწოდებს საქართველოს გააგრძელოს საჭირო რეფორმები. საუბარია რეფორმებზე არა მარტო თავდაცვის სფეროში, არამედ მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში, მართლმსაჯულების კუთხით. გაიმეორებს და გაუსვამს ხაზს ნატო-ს ფუნდამენტურ გზავნილს, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია და რასაც ერთობლივად ვაკეთებთ, ეს დაეხმარება საქართველოს, რომ ნატო-ს წევრი გახდეს, დაეხმარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იქნება კიდევ ბევრ საკითხზე საუბარი, მაგრამ ეს არის ძირითადი", -განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, არც ერთ ასპირანტ ქვეყანას არ აქვს ის მხარდაჭერა ალიანსისგან, რაც საქართველოს.
"რაც ნატო-ს წევრებმა თქვეს და თან ღიად, რომ საქართველოს აქვს ყველა მექანიზმი, მოემზადოს ალიანსის წვერობისთვის, ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, წლიური ეროვნული პროგრამა ძალიან გავს წევრობის სამოქმედო გეგმას, ვგულისხმობ არსს. ჩვენ გვყავს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში, სამეკავშირეო ოფისი, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდება, გვაქვს ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად პროგრამა, მომავალი კვირიდან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გაიხსნება. არც ერთ ასპირანტ ქვეყანას არ აქვს მსგავსი რამ, ნატო-სთან ამ ხარისხში ჩართულობის შესაძლებლობა. მინდა დაგარწმუნოთ, არც ერთ ასპირანტ ქვეყანას, უფრო მეტიც ნატო-ს ისტორიაში, ალიანსის გაფართოვების ისტორიაში არც ერთ პარტნიორს ასეთი მხარდაჭერა არ მიუღია, ასე კარგად ჩამოყალიბებული და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმებით არ უსარგებლია. მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკულ დონეზე საქართველოს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს. მე კარგად მესმის, ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმაზე რატომ ხდება ყურადღების კონცენტრირება. MAP -ს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, როგორც ალიანსის წევრებისთვის, ასევე საქართველოსთვის", -განაცხადა აპატურაიმ.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 26-27 აგვისტოს შედგება.