სამორინე „აჭარაში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. "აჭარას" გადასახადებისთვის თავის არიდებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, , შპს "კაზინო აჭარას" მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე (გადასახადებისათვის თავის არიდება) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით. ამჟამად სამორინეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები.
თავად კომპანიასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხება.
საგამოძიებო სამსახური სამორინე „აჭარაში" დღეს დილით შევიდა.
ქართულ ბაზარზე სათამაშო ბიზნესში მოქმედ კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლის ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა ბოლოს შარშან, ნოემბერში დაფიქსირდა, როდესაც უწყება ტოტალიზატორ აჭარაბეთში შევიდა.
შემოწმების შედეგად, ,,აჭარაბეთი' 150 მილიონი ლარით დააჯარიმეს.
რაც შეეხება კაზინო „აჭარას,“ ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს ეკუთვნის.
გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდა სახელმწიფო დავით იაკობაშვილის კიდევ ერთ სტრუქტურას – ნავთობკომპანია „გალფს,“ რომელშიც უწყების წარმომადგენლები მიმდინარე წლის იანვარში შევიდნენ. შემოწმების შედეგები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.
2011 წელს, დავით იაკობაშვილმა, საქართველოში ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის კუთვნილი კომპანია ”პეტროკას ენერჯი გრუპის” 25% იყიდა, მოგვიანებით კი საკუთარი აქციების წილი ამ კომპანიაში 80%-მდე გაზარდა. აღნიშნული კომპანიის 49%–იანი წილი კი გასული წლის დეკემბერში რუსულ გიგანტ „როსნეფტს“ მიყიდა. გარიგების ღირებულებამ 114 მილიონი დოლარიშეადგინა. სწორედ ”პეტროკას ენერჯი გრუპში” შედის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ნავთობკომპანია „გალფი“.
საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით, Gannado Worldwide-ის მეშვეობით იაკობაშვილი „კაზინო აჭარაში“, ფლობს 90%-იან წილს რომელიც მან 2011 წლის მაისში 8,72 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.