პურის მწარმოებლების განცხადებით, საბაჟოზე პრობლემა აღმოიფხვრა

პურის მწარმოებლების განცხადებით, საბაჟოზე პრობლემა აღმოიფხვრა

პურზე ფასი შესაძლოა აღარ გაიზარდოს.  პრობლემა, რომელიც საბაჟოზე, იმპორტირებული ფქვილის განბაჟებას ეხებოდა და რომელიც პურის გაძვირებას იწვევდა, აღმოიფხვრა.

ბოლო პერიოდში, „კომერსანტთან" მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ საბაჟოზე ფქვილის განბაჟება დროში იწელებოდა, კვირების განმავლობაში იდგნენ მანქანები, რაც საბოლოო ჯამში, ქმნიდა ფქვილის დეფიციტს და შესაბამისად, იზრდებოდა ფასიც. ეს კი, მათივე თქმით, პურის გაძვირების რეალური საფუძველი იყო.

უკვე დღეს, კომპანია „იფქლის" ხელმძღვანელი შაქრო ბაკურაძე აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია იმპორტიორებისგან, რომ გუშინ შემოსული მანქანები დღეს უკვე გამოატარეს. მისი თქმით, საბაჟოზე ამ დროისთვის სიტუაცია ნორმალურია და თუ ასე გაგრძელდა, პური აღარ გაძვირდება.

საბაჟოზე დამატებით გადამოწმებებს და ბიუროკრატიულ ბარიერების მოგვარებას ადასტურებს კომპანია „მარგის" ხელმძღვანელი ნუგზარ ღონიაშვილიც. მისი თქმით, დაახლოებით 2-3 თვის წინ, იმპორტირებულ ფქვილთან დაკავშირებით საბაჟოზე პრობლემები არსებობდა. „ხარისხის გადამოწმება საზღვარზე ხდებოდა, ეს პროცედურა კი ვადაში გაწელილი იყო. ყველაფერი ეს ზრდიდა ლოჯისტიკურ ხარჯებს, რაც იმპორტირებულ ფქვილს არაკონკურენტულს ხდიდა"-აცხადებს ღონიაშვილი.

მისი განცხადებით, თუ ასე გაგრძელდა, პურის გაძვირება არ მოხდება.

ღონიაშვილის თქმით, ფქვილის ფასმა ბოლო 2-3 თვის წინ მოიმატა და ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 37 ლარიდან 44 ლარამდე გაიზარდა.

ფქვილის ფასის შემცირებას პროგნოზირებს „მეხორბლეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ლევან სილაგავა. მისი თქმით, რუსეთში ხორბლის დიდი მოსავალი მოვიდა, შედეგად, ფასი შესაძლოა შემცირდეს. „არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ სპეკულირება გააკეთოს იმის, რომ ფასი გაიზრდება როგორც ფქვილის, ისე პურის" - აცხადებს სილაგავა.