ყაზახური ვალუტის გაუფასურება – მორიგი დარტყმა ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის

ყაზახური ვალუტის გაუფასურება – მორიგი დარტყმა ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის

საქართველოსთვის ერთერთ მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე – ყაზახეთში მკვეთრი სავალუტო ცვლილებები დაიწყო. ქართველი ექსპორტიორებისთვის უკრაინასა და რუსეთში შექმნილ პრობლემებს  ყაზახეთის პრობლემა ემატება. ქართველი მეღვინეები უკვე აცხადებენ, რომ ეს მათთვის ახალი არასასიამოვნო გამოწვევა იქნება და გაყიდვების შემცირება ყაზახურ ბაზარზეც გარდაუვალია.

"თელავის მარნის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ზურაბ რამაზაშვილის შეფასებით, ყაზახური ვალუტის გაუფასურება ქართული მეღვინეობისთვის არასასურველი ტექტონიკური რყევაა, რომელიც ამ ეტაპზე მცირე მასშტაბისაა, თუმცა შესაძლოა ღვინის ინდუსტრიისთვის სერიოზული ნეგატიური შედეგების მომტანი გახდეს.

„არ არის სასიამოვნო ფაქტი. ყაზახეთი ჩვენს საექსპორტო ბაზრებს შორის მეხუთე პოზიციაზეა და ეს ბაზარი, ცხადია, მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ტენგეს დევალვაციის შედეგად, ბუნებრივია, ადგილობრივ ვალუტაში ღვინო გაძვირდება, როგორც ეს უკვე მოხდა რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაში,“ – აცხადებს რამაზაშვილი. რაც შეეხება ალტერნატიული ბაზრების ძიებას, მისი თქმით, ეს პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს, თუმცა რთულია, რადგან არის ქვეყნები, სადაც ღვინის გაყიდვა შეუძლებელია და ქვეყნები, რომლებშიც ამ პროდუქციის რეალიზაციას პერსპექტივა აქვს. ამ უკანასკნელთა შორისაა აშშ, ჩინეთი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ა.შ. ამ ქვეყნებიდან სირთულეები კიდევ ერთ ბაზარზე იქნება, რის შედეგადაც, "თელავის მარნის" დამფუძნებლის თქმით, ქართული ღვინის მწარმოებლები ახალი გამოწვევის წინაშე დადგებიან და ძალების სხვა მიმართულებით გადასროლა მოუწევთ.

ყაზახურ ბაზარზე გაყიდვების კლებას პროგნოზირებს „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილიც. მისი თქმით, ყაზახეთის ბაზარზე, რომელიც პირველ კვარტალში მისი კომპანიისთვის გაყიდვების თვალსაზრისით მზარდი იყო (მომდევნო პერიოდში კი შემცირება მხოლოდ სეზონური ფაქტორით იყო გამოწვეული), რეალიზაციის კლება გარდაუვალია. 

„ახლა პროგნოზირება რთულია, სიწყნარე უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ მუშაობა. თუმცა ვფიქრობ, რომ ტენგეს დევალვაცია ყაზახეთში პროდუქციის გაძვირებას და შედეგად რეალიზაციის შემცირებას გამოიწვევს. გაყიდვებს შეამცირებს. მოგვიწევს, მაქსიმალურად გადავწიოთ ისრები სხვა მიმართულებით,“ – აცხადებს მარგველაშვილი.


ყაზახეთის ეროვნული ბანკისა და მთავრობის გადაწყვეტილებით 20 აგვისტოდან ქვეყანა ახალ საკრედიტო–ფულად პოლიტიკაზე გადავიდა, რომელიც თავისუფალი მცურავი კურსის ამოქმედებას ითვალისწინებს. 

მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა კარიმ მასიმოვმა განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის, ტენგეს გაცვლითი კურსი საბაზრო მოთხოვნის საფუძველზე ჩამოყალიბდება. 

ახალ კურსზე გადასვლის დღესვე ყაზახეთის ვალუტა დოლართან მიმართებაში 26%–ით, 255,26 პუნქტამდე გაუფასურდა.

 გასული წლის მონაცემებით, ყაზახეთი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში შედის რუსეთთან, უკრაინასთან, პოლონეთსა და ბელორუსთან ერთად. 

ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის იანვარ–ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით შემცირდა. ექსპორტის კლებას, უმთავრესად, ქართული ღვინის ორ ძირითად ბაზარზე - რუსეთსა და უკრაინაში - მოთხოვნის შემცირებით ხსნიან, რაც, თავის მხრივ, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და მისი, ასევე უკრაინის ეროვნული ვალუტის დევალვაციას უკავშირდება.

იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანმა და საქართველომ გასული წლის განმავლობაში საკუთარი ვალუტების კურსების დევალვაცია მოახდინეს, სხვა ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, ტაჯიკეთსა და მოლდოვაში რისკები რჩება. ამის შესახებ გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს Bloomberg–ის ექსპერტები აცხადებენ. 

მათივე თქმით, აზიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ყველაზე მოწყვლადი ზონები არიან, რომლებიც შესაძლოა რუბლისა და იუანის გაუფასურებამ დააზარალოს.

Bloomberg–ის შეფასებით, ქვეყნები, რომლებიც მართავენ გაცვლით კურსს, ისეთები როგორც ყაზახეთია, ამოწურავენ თავიანთ სავალუტო რეზერვებს, დევალვაცია კი ამ ზეწოლას შეარბილებს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ეროვნული ვალუტის მიმდინარე წლის 21 თებერვლის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 30%–ზე მეტად დაეცა.

წლის დასაწყისიდან, რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების გამო, დოლართან მიმართებაში უფასურდებოდა როგორც ქართული ლარი და აზერბაიჯანული მანათი, ასევე მოლდავური ლეი და ყირგიზული სომი. რაც შეეხება სომხურ დრამს, ის დოლართან მიმართებაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შედარებით მცირედით, დაახლოებით 15–16%–ით დაეცა.

დევალვაციის პროცესს უკვე წლის შუა პერიოდიდან ყაზახეთიც შეუერთდა, რასაც ექსპერტები რამდენიმე თვეა პროგნოზირებდნენ.