კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საშუალება მისცემოდა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 29 სექტემბერს ნიუ იორკში იმართება მაღალი დონის დისკუსია, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპის მომავალს და ქალთა როლის გაძლიერებას. ეს არის მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი. იცით, რომ პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. 2015 წელი გამოცხადებულია ქალთა წლად, აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია მისი მიწვევა ამ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტს დადასტურებული აქვს ამ ღონისძიებაზე დასწრება", - განაცხადა ფხალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ყოფნა იქნება მაქსიმალურად გამოყენებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, იგეგმება რიგი შეხვედრები.
"იქედან გამომდინარე, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამოყენებულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის ავტორიტეტი, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ყოფნა იქნება მაქსიმალურად გამოყენებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, იგეგმება რიგი შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან",- განაცხადა ფხალაძემ.
რაც შეეხება გაერო-ს თემას, ფხალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც პირდაპირი წესით, საერთო სახალხო არჩევნებით აირჩევა; აქედან გამოდინარე, ასევე მისი მაღალი ავტორიტეტიდან გამოდინარე, საერთაშორისო არენაზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.
"რახან პრეზიდენტი იმ პერიოდში არის აშშ-ში, როდესაც იხსნება გაერო-ს გენასამბლეის გენერალური დებატები, კარგი იქნებოდა, რომ მას საშუალება მისცემოდა და გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო. როგორც წესი, პატარა ქვეყნები იყენებენ ამ შესაძლებლობას იმ ფაქტორების გამოც, რაც მოგახსენეთ; ასევე იმის გამოც, რომ გაერო-ში არის ტრადიციები, წესები - როდესაც იხსნება გენერალური დებატები, პირველ რიგში, სიტყვით გამოდიან სახელმწიფოების მეთაურები, ამის შემდეგ გამოდიან მთავრობის მეთაურები და სხვა წარმომადგენლები. აქედან გამოდინარე, პატარა ქვეყნები და ზოგადად სახელმწიფოები ცდილობენ, ეს საშუალება მაქსიმალურად გამოიყენონ, რათა უფრო აქტუალურ ფორმატში იყოს წარმოჩენილი ის პრობლემატიკა, რომელზედაც სურს საუბარი დელეგაციის ხელმძღვანელს", - განაცხადა ფხალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პოზიცია ცნობილი და გაცხადებულია როგორც კონსულტაციების რეჟიმში, ასევე საჯაროდაც.
"სამწუხაროდ, ეს პოზიცია ჯერ დღეისთვის გაზიარებული არ არის, თუმცა გაერო-ს გენერალურ დებატემადე ერთი თვეა დარჩენილი და კარგი იქნება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს პოზიცია იქნება გაზიარებული", - განაცხადა ფხალაძემ.
სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, მიმდინარე წლის ივლისში ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" მიიწვია, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მიწვევას დათანხმდა.