კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ქადაგიძის მიმართ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ, პატიმრობაში მყოფმა მალხაზ დავლიანიძემ სასამართლოს ჩვენება მისცა.
კერძოდ, ბრალდების მხარის მოწმემ აღნიშნა, რომ ირაკლი ქადაგიძესთან და კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლებთან 2006 წელს თანამშრომლობდა ნარკოტიკების სანაცვლოდ.
კერძოდ, მალხაზ დავლიანიძის თქმით, 2006 წლის 2 მაისს, კორტების სპეცოპერაციის დღეს დაიბარეს კრიმინალურ პოლიციაში; როდესაც მივიდა, გასამრჯელოს სახით ნარკოტიკის მიღების შემდეგომ დაავალეს, ეთქვა, რომ სპეცოპერაციის ადგილზე იყო და უშუალოდ დაინახა, როგორ ისროდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომობილიდან პოლიციის მისამართით.
ასევე მოწმემ აღნიშნა, რომ სისტემატურად აძლევდნენ მსგავს დავალებებს ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და ირაკლი ქადაგიძე. სწორედ მოწმის ჩვენების შემდეგ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობს, რადგან მოწმემ ირაკლი ქადაგიძე და სხვა პირები ამხილა დანაშაულში. კერძოდ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში და ნარკოტიკების გასაღებაში.
"ორივე მათგანი წარმოადგენს დანაშაულს. გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობს და ყველა პირის მხიდან იქნება მიღებული ინფორმაცია", - განაცხადა პროკურორმა.
მოწმის აღნიშნულ ჩვენებას აბსურდული უწოდეს თავად ბრალდებულებმაც, რომლებმაც მსჯავრდებულ მოწმეს შეკითხვები დაუსვეს. სასამართლოს სხდომაზე ამ საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ცააძემ მოწმეს ჰკითხა, თუ რატომ არის დაპატიმრებული, მოწმემ აღნიშნა, რომ მას ბრალი ძარცვის მუხლით აქვს წარდგენილი.
პროცესის დასრულების შემდეგ კი, მოწმის ჩვენებას გამოეხმაურა ბრალდებულების დამცველი დავით ხაჟალია.
როგორც ადვოკატმა განმარტა, ირაკლი ქადაგიძე დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში შეყვანილია და სასამართლოს გნუმარტავს, რეალურად ვინ არის ეს პიროვნება და რას ემსახურება მის მიერ გაკეთებული განცხადებები. ადვოკატის თქმით, მოწმე მალხაზ დავლიანიძე ადრეც თანამშრომლობდა და ახლაც თანამშრომლობს შს სამინისტროსთან. "ქადაგიძე განმარტავს, ვინ არის ეს პირი", - განაცხადა დავით ხაჟალიამ.
ასევე აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული მოწმის დაკითხვის შემდეგ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბრალდების მხარეს მიუთითა, რომ ირაკლი ქადაგიძე მოწმეთა ნუსხაში შეიყვანოს, რათა აღნიშნული მოწმის ჩვენებების ირგვლივ საპასუხო განმარტება გააკეთოს.
დღეს სასამართლომ, გარდა მსჯავრდებულებისა, ბრალდების მხარის კიდევ ოთხი მოწმე დაიკითხა.