აშშ საქართველოსთვის დამატებით 20 მილიონის დამხარების გამოყოფას გეგმავს

აშშ საქართველოსთვის დამატებით 20 მილიონის დამხარების გამოყოფას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის 2015 წელს დამატებით 20 მილიონი დოლარის ოდენობის დამხარების გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. თანხა საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების მიზნით გამოიყოფა. 

აღნიშნული საკითხი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ეშტონ კარტერმა პენტაგონში გუშინ გამართული შეხვედრის დროს განიხილეს. 

"თავდაცვის მდივანმა კარტერმა თავდაცვის მინისტრ ხიდაშელს საქართველოს მიერ ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. კარტერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ, თავის მოკავშირეებთან ერთად, საქართველოს მხარდამჭერი რჩება ნატო-საქართველოს კომისიის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც 2014 წლის უელსის სამიტზე შეთანხმდა", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ პენტაგონის პრესსპიკერმა, პიტერ კუკმა. 

პენტაგონის ცნობით, ეშტონ კარტერმა და თინა ხიდაშელმა შეხვედრისას რეგიონული უსაფრთხოების საკითხების და აშშ-საქართველოს შორის არსებული კავშირების შესახებ იმსჯელეს.