საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განუცხადა.
მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს და გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძეს ხვდება. შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც მერაბ ჟორდანიამ შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საარჩევნო პროცესს გურიიდან იწყებს.
"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას", - აღნიშნა მერაბ ჟორდანიამ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი, მერაბ ჟორდანიას გარდა, ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემაც გამოთქვეს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.