ელისაშვილი -

ელისაშვილი - "მხოლოდ ჯოკია ბოდოკია არ იყო კორუმპირებული, მერიაში ძალიან ბევრ რამეში კეთდება ფული"

"თბილისის მერად არჩევისთანავე დავით ნარმანიამ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი დაპირება თბილისში მილიონი ხის დარგვის შესახებ სიტყვად არ დარჩებოდა. არ დაუკონკრეტებია, როგორ, მაგრამ ახალი მერი მილიონი ხის დარგვას აეროპორტის დასახლების ტერიტორიაზე სამი ქარსაცავი ზოლის გაკეთებისა და დიდი დიღმისა და ნუცუბიძის პლატოს გამწვანებით გეგმავდა. ნარმანიას მერობის წლისთავზე ეს ტერიტორიები ისევ მოშიშვლებულია და თბილისის შემოგარენში დარგული მცირე რაოდენობის ნერგი მოუვლელობისგან გახმა. ამბობენ, გამხმარს ახლით ჩავანაცვლებთო, მერე, ალბათ, ისიც რომ გახმება, კიდევ ახლით ჩაანაცვლებენ და ასე გაგრძელდება... სამი წლის შემდეგ შესაძლოა დარგული (მერე რა, რომ გამხმარი) ხეების რაოდენობამ მილიონ-ნახევარს მიაღწიოს", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "მერიაში ბევრ რამეში კეთდება ფული" / ალექსანდრე ელისაშვილი: "ბიძინა გიორგობიანზეც სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ თამარაშვილის 13 ნომერთან უბრალოდ არ გაუცია ხეების მოჭრის თანხმობა". 

"ნარმანია და მისი გუნდი ახალი "დისლოცირებული" იყვნენ თანამდებობებზე, როდესაც თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში რატომღაც დღემდე დაუდგენელმა პირმა მრავალწლიანი ხეები ისე დააზიანა, რომ გამხმარიყო და მოსაჭრელი გამხდარიყო. გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის ახალმა უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა ფაქტზე აქტი შეადგინა. იმის გამო, რომ იმავე, "ელჯი კაპიტალის" კუთვნილ მიწაზე მანამდეც მოჭრეს ხეები, გიორგობიანს ეჭვი გაუჩნდა, რომ ვიღაცას მშენებლობის დაწყება სურდა. "ერთი თვის განმავლობაში ერთ მისამართზე 24 ძირი ხის მოჭრა მიზანმიმართული ბოროტებააო", - თქვა შეწუხებულმა და აღთქმა დადო, მერია მკაცრად განსაზღვრავს გამწვანების პრიორიტეტულ ზონებს და დამნაშავეებს მკაცრად დასჯისო. მისი პოზიცია გაამყარა ნარმანიამაც, "სადაც კი ხეტყე უკანონოდ მოიჭრება, სადაც კი მწვანე საფრის ხარჯზე მშენებლობებს წამოიწყებენ, კანონის დამრღვევებს მკაცრად მოეთხოვება პასუხიო" -ასე ითქვა, თორემ თბილისის მწვანე საფრის ბედი უკუღმა დატრიალდა. დედაქალაქში შემორჩენილ სკვერებში, გაზონებსა და ბაღებში ხეების გამალებული ჭრა დაიწყო, ხისმჭრელები კი აღშფოთებულ მოსახლეობას ხეების მოჭრის შესახებ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ხელმოწერილ ნებართვას უფრიალებდნენ, წადით, პასუხი ბიძინა გიორგობიანს მოჰკითხეთო", - აღნიშნავს გამოცემა.

"გაზაფხულზე კვლავ თამარაშვილის 13 ნომერთან ერთ-ერთი ასეთი თანხმობის საფუძველზე ხეების მოჭრის შემდეგ ბიძინა გიორგობიანმა საკუთარი დადგენილება მას შემდეგ გააუქმა, რაც უკვე 15 ძირი ხე მოჭრეს, თავი კი გამაოგნებლად იმართლა, _ სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფს" ხეების მოჭრაზე წინასწარი წერილობითი თანხმობა იმიტომ მივეცი, რომ სხვანაირად საკრებულო მისი სამშენებლო პროექტის განაშენიანების რეგულაციის გეგმას არ განიხილავდა. თორემ "არქი ჯგუფს" ხეების ფიზიკურად მოჭრის უფლება კი არ ჰქონია, დეველოპერმა ჩემი თანხმობით ბოროტად ისარგებლაო. ამ აბსურდულ თავის მართლებას თამარაშვილის ქუჩის 13 ნომრის საინიციატივო ჯგუფმა და საკრებულოში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა ალოგიკური უწოდეს და გიორგობიანი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ვანდალიზმის ჩადენის ნებართვის გაცემაში დაადანაშაულეს. თუმცა გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსისთვის ამ ფაქტის გამო საკრებულოსა და მერიაში საყვედურიც კი არავის უთქვამს", - დასძენს გამოცემა. 

"ევროკავშირის სტანდარტით, ნორმაა ერთ სულ ადამიანზე 50 კვმ გამწვანება, ჩვენთან ჯერ კიდევ საბჭოთა დროს კვოტა 15 კვმ იყო და ახლა 5-6 კვმ-ზე დაიყვანეს. საშინელ ჰაერს ვსუნთქავთ. ქალაქს სიმწვანე აკლია და კორპუსები ამოდის ყველა სკვერსა და ბაღში. გაზაფხულზე თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერთან მომხდარი ფაქტის შემდეგ გიორგობიანი აღარ უნდა იყოს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი. ის უნდა იცავდეს ბაღებს, პარკებს, სკვერებს, გაზონებს. ქალაქი საჯიჯგნად არ უნდა მიუგდოს დეველოპერებს, მაგრამ პირიქით იქცევა. გსმენიათ, ოდესმე გაეპროტესტებინოს, რომ ხეები იჭრება ავლაბარში, რომ ყაზბეგის პროსპექტზე სკვერის განადგურებას ცდილობდნენ და ა.შ.? გიორგობიანი არა მხოლოდ არ აპროტესტებს ხეების მოჭრას, მეტიც, ხეების მოჭრის განკარგულებებს გასცემს. ამდენად, ის არ ასრულებს ვალდებულებებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე ელისაშვილი. 

"შარშან, 2 აგვისტოს, როდესაც ნარმანიამ საქალაქო სამსახურები და მათი უფროსები წარმოგვიდგინა, მოვითხოვე, მოგვესმინა წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის, გაგვეგო, რის გაკეთებას აპირებდნენ და მერე დაგვემტკიცებინა ისინი. ნურას უკაცრავად, დავამტკიცეთ და მერე აღარავის უცდია მათი მოსმენა, არადა, ბიძინა გიორგობიანს პირველივე სხდომაზე ვუთხარი, წარმოგვიდგინეთ სტრატეგია, როგორ უნდა წარიმართოს გარემოს დაცვა თბილისში-მეთქი. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ წარმოადგინა. არადა, ერთი თვეც კმაროდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნარმანიას დაპირება, რომ მილიონ ხეს დარგავდა - იყო ძალიან სასაცილო სლოგანი. ჩვენი მერი, მილიონს კი არა, ხეებს საერთოდ არ რგავს. რამდენიმე ათასი ნედლი ჯოხი ჩაარჭობინა თბილისის ზღვაზე, დენდროლოგიურ პარკში, რომლებიც მოუვლელობისგან გახმა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მე თვითონაც მიმიღია მონაწილეობა ამ პროცესში და ვფიქრობდი, ნეტავ რამდენი იქცევა ამ ჯოხიდან ხედ-მეთქი. ამ დროს უამრავი საღი ხე მოჭრეს თბილისში და ეს დღესაც გრძელდება. აქედან არსებობს ოპერატიული და გრძელვადიანი გამოსავალი. ოპერატიულიდან გამომდინარე, საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს და მთელ თბილისში უნდა დაიცვას ხეები. გრძელვადიანი გამოსავალი კი არის ნორმალური საკრებულოს არჩევა. აქ ქალაქის გულშემატკივარი ხალხი უნდა მუშაობდეს და არა ისე, როგორც დღეს არის: ზოგი დღემდე ვერ მიმხვდარა, სად მოხვდა, ზოგიც ფულის გასაკეთებლად არის, ზოგსაც უყვარს ქალაქი, მაგრამ "პარტიული ინტერესებიდან" გამომდინარე, ვინმეს უხერხულობა რომ არ შეუქმნას, ლოდივით ზის", - დასძენს ელისაშვილი და შეკითხვას - "იზიარებთ მოსაზრებას, რომ გზების მშენებლობა-რემონტსა და გამწვანებაში დიდი ფული კეთდება?" - პასუხობს:

"თბილისის მერიაში ძალიან ბევრ რამეში კეთდება ფული. მხოლოდ ჯოკია ბოდოკია არ იყო კორუმპირებული. მაგალითად, ავიღოთ შპს "ელზუროსთან" დაკავშირებული კორუფციული სქემები. საქმე ის არის, რომ ყაზბეგის პროსპექტის 27 ნომერში, სკოლის გვერდით, იყო სკვერი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაყიდა მიწის ნაკვეთად. შეთანხმებული იყო 9-სართულიანი სახლის აშენება. ხალხთან ერთად იმდენი ვქენით, რომ მერიას ეს გადაწყვეტილება გავაუქმებინეთ და შევთავაზეთ, სანაცვლოდ სხვაგან მიეცა მიწა დეველოპერისთვის. სხვა დროს არ დაგვყოლია ნარმანია ადგილმონაცვლეობაზე, ამ შემთხვევაში კი საიდუმლოდ შედგა ადგილმონაცვლეობის აქტი და პეკინის 23 ნომერში, იქ, სადაც საბავშვო ბაღი და სკვერია, გადაწყდა არა ცხრასართულიანი, არამედ უფრო მაღლივი შენობის აგება. საქმე ის არის, რომ შპს "ელზუროს" უკან დგანან შსს-ს მაღალჩინოსნები, რომელთაგან ზეწოლას განიცდიდა ღარიბაშვილი, ეს უკანასკნელი კი ნარმანიას სთხოვდა, როგორმე "ელზუროს" ინტერესები დაეკმაყოფილებინათ და სადმე, კარგ ადგილზე გამოეყოთ სანაცვლო მიწა. ეს ინფორმაცია კი მაქვს, მაგრამ მტკიცებულებები - არა, გამომდინარე იქიდან, რომ ოპერატიული საქმიანობის უფლება არ გამაჩნია. მე მაშინვე მივმართე ანტიკორუფციულ სააგენტოს, რათა დაინტერესებულიყო, ვინ იდგა შპს "ელზუროს" უკან, ვისი ზეწოლით მოქმედებდა ნარმანია და რატომ დაამტკიცა საკრებულომ ადგილმონაცვლეობა".

"კიდევ უამრავი საკითხია, სადაც კორუფციული გარიგებები იკვეთება, მაგრამ ეჭვებს დასაბუთება სჭირდება, საამისო ბერკეტები კი იმ ხალხის ხელშია, ვინც თავად არის კორუმპირებული. უამრავ ჩინოსანს მივაწოდე ინფორმაცია, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. ბიძინა ივანიშვილი რომ გაიძახის, ნეპოტიზმი და კორუფცია ჩემი მტრები არიანო, რატომ ისიც არ ახდენს რეაგირებას, მასაც ხომ მივმართე? პირველად ვამბობ თქვენი გაზეთის მეშვეობით: ივანიშვილმა ხალხი გამომიგზავნა, რატომ ხარ "ქართული ოცნებით" უკმაყოფილოო, ვუპასუხე, რატომაც, მაგრამ მისგან რეაქცია არ მიგრძნია. ესე იგი, ან ინფორმაცია არ მიუტანეს, ან კიდევ მხოლოდ პანორამის ბედი აღელვებს. ბიძინა გიორგობიანზეც სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ თამარაშვილის 13 ნომერთან უბრალოდ არ გაუცია ხეების მოჭრის თანხმობა", - დასძენს ალექსანდრე ელისაშვილი.

"ძალიან ძნელია თვალებში უყურო იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი ქალაქი ფეხებზე ჰკიდიათ. ერთად ვაპროტესტებდით "ნაციონალების" ავკაცობას. თურმე ვცდებოდი, ახლა ხომ უმრავლესობაშია "ქართული ოცნება", ხომ შეუძლია ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს? ხელისუფლებაში მოსულები გამოსწორების ნაცვლად უარესს აკეთებენ. თურმე მათ მხოლოდ სკამები და ფულის კეთება სურდათ, ამიტომაც წინამორბედებზე გააფთრებითY ებრძვიან ხეებს, სკვერებსა და საზოგადოდ, დედაქალაქს", - დაასკვნის რესპონდენტი.