მოკლულია პრემიერ-მინისტრი და ნაფიც მსაჯულებს სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდათ

მოკლულია პრემიერ-მინისტრი და ნაფიც მსაჯულებს სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდათ

მოკლულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნაფიც მსაჯულებს ალბათ სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდათ, - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამამ, იაშარ უსუპოვმა კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იაშარ უსუპოვმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ჟვანიას და უსუპოვის გარდაცვალების მთავარ საქმეზე "კარგი შედეგი დადგება".

"ჩვენ ველოდით, რომ ასეთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ნაფიცი მსაჯულები, ვინაიდან მოკლული არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნაფიც მსაჯულებს სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდათ. შესაბამისად მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. ძირითად საქმეზე ძიება გრძელდება. ამ საქმეზე ბევრჯერ ვარ დაკითხული და ალბათ კიდევ დავიკითხები. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დაგვირგვინდება მომავალში", - განაცხადა იაშარ უსუპოვმა.

ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს. 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ ხარშილაძე და ძაძამია ცნობილი იქნენ დამნაშავედ სამსახურებრივ გულგრილობაში.