ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ნაფიც მსაჯულებს დასკვნითი რეპლიკით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
პროკურორის განცხადებით, დაცვის წევრებს სრულფასოვნად რომ განეხორციელებინათ სამსახურებრივი მოვალეობა, ზურაბ ჟვანია დღეს ცოცხალი იქნებოდა.
ნადირაძემ ნაფიც მსაჯულებს დღევანდელ პროცესზე სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარემ ძირითადად სამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.
"პირველი, რასაც დაცვის მხარემ ხაზი გაუსვა იყო ის გარემოება, რომ კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. დასკვნით სიტყვაში ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრე, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ პრემიერი გარდაცვალების დღეს გადაადგილდა კობა ხარშილაძის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, დიახ, სწორედ კობა ხარშილაძის მიერ დაიგეგმა ცრუ ესკორტი, მისი მითითებით მიიყვანა ალექსანდრე გოგოხიამ პრემიერი გოთუას ქუჩაზე, მიხეილ ძაძამიაც ხომ კობა ხარშილაძის გეგმით მოქმედებდა, როდესაც ზურაბ ჟვანია მიიყვანა კონსპირაციულ ბინაში, შესაბამისად კობა ხარშილაძე რასაკვირველია ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ამასთან პატივცემულო ნაფიცო მსაჯულებო მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ სასამართლო პროცესზე გაჟღერებული არაერთი მოწმის ჩვენება. მათი მითითებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო მკაცრად გასამხედროებული დაწესებულება და ხელმძღვანელის მითითებით თუკი პირი ასრულებდა დაცვის ფუნქციას, ბუნებრივია ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. რაც შეეხება მიხეილ ძაძამიას, აღნიშნული პირს კობა ხარშილაძისგან დაევალა ზურაბ ჟვანიას მიყვანა კონსპირაციულ ბინაში და სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც მიხეილ ძაძამიამ მანქანაში ჩაისვა პრემიერ-მინისტრი, მან დაიწყო სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელება. აქედან გამომდინარე ეჭვქვეშ არ დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ იმ დღეს ორივე მათგანი ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. დაცვის მხარემ შეკითხვის სახით ჩამოაყალიბა პოზიცია თუ რას ნიშნავდა მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: კობა ხარშილაძის გეგმის მიხედვის მიხეილ ძაძამიას მიერ ზურაბ ჟვანია მიყვანილ იქნა საბურთალოს ქუჩა N53ა -ში და მარტო იქნა დატოვებული. მაშინ როდესაც ზურაბ ჟვანია დაცვის გარეშე სრულიად მარტო იმყოფებოდა საბურთალოს ქუჩა N 53 ა-ში ერთის მხრივ კობა ხარშილაძე რესტორანში ქეიფობდა და არც კი დაინტერესებულა დასაცავის ბედით, ხოლო მიხეილ ძაძამია საბილიარდოში იმყოფებოდა და 4 საათის განმავლობაში საერთოდ არ შეხმიანებია დასაცავ პირს. სწორედ ეს გახლავთ პატივცემულო მსაჯულებო მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება და ბოლოს დაცვის მხარემ დასვა შეკითხვა თუ რა მიზეზობრივი კავშირი არსებობდა ბრალდებულების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ჩვენ განვმარტეთ რომ კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია 2 თებერვალს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კობა ხარშილაძე ვალდებული იყო ხშირი კომუნიკაცია ჰქონოდა, როგორც ზურაბ ჟვანიასთან ისე მიხეილ ძაძამიასთან, მუდმივად დაინტერესებულიყო დასაცავი პირის მდგომარეობით. თავის მხრივ მიხეილ ძაძამიას ჰქონდა კანონისმიერი ვადებულება არ დაეტოვებინა დასაცავი პირი ხოლო, დატოვების შემთხვევაში არ დაეტოვებინა პერიმეტრი და მუდმივი კონტაქტი ჰქონოდა მასთან.
თუნდაც თეორიულად დაუშვათ ის გარემოება, რასაც დაცვის მხარე ავითარებს, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია CO-ს ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა, სასამართლო პროცესზე არაერთი ექსპერტი დაიკითხა, რომლებმაც განმარტეს, რომ გაზით მოწამლული პირის ჰაერზე გაყვანა სრულად საკმარისია მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. დაცვის წევრებს სრულფასოვნად რომ განეხორციელებინათ სამსახურებრივი მოვალეობა, მუდმივ კავშირზე ყოფილიყო დასაცავ ობიექტთან ის შედეგი რაც სახეზე გვაქვს, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ არ დადგებოდა - ზურაბ ჟვანია დღეს ცოცხალი იქნებოდა.
ბატონო მსაჯულებო თქვენს გადაწყვეტილებას ელის ზურაბ ჟვანიას 82 წლის დედა, მისი მეუღლე და შვილები, რომლებიც უკვე გაიზარდნენ, მე მწამს, რომ თქვენ დღეს მიიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას. დამნაშავედ სცნობთ ბრალდებულებს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენაში. გავა წლები და თქვენ ამ გადაწყვეტილებით იამაყებთ", - აღნიშნა პროკურორმა საკუთარ რეპლიკაში სასამართლო პროცესზე.
ნაფიცი მსაჯულები უკვე ორ საათზე მეტია რაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიასთვის, ვერდიქტის გამოტანაზე მსჯელობენ.