ჩუღურეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სურს გამოეხმაუროს ნინოშვილის ქუჩის მაცხოვრებლების მოთხოვნას სკვერისა და სათამაშო მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით.
მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების. თუმცა გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე, გამგეობის მიერ ვერ ხერხდება ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ცენტრ პოინტ ჯგუფს“ შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა.
სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მერიის მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მზად არის ნინოშვილის ქუჩაზე განახორციელოს სკვერისა და სათამაშო მოედნის მოწყობა.