იმედი მაქვს, ნაფიცი მსაჯულები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც ზურაბ ჟვანია მიიღებდა, - ამის შესახებ ნაფიცი მსაჯულების სათათბიროდ გასვლის შემდეგ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის, კობა ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ გამამართლებელი ვერდიქტის იმედი აქვს.
"გამამართლებელი განაჩენი უნდა იქნას იმ ელემენტარული მიზეზით მიღებული, რომ ხარშილაძე და ძაძამია მოქმედებდნენ ზურაბ ჟვანიას ნების შესაბამისად. თუ დღეს არ იქნება გამამართლებელი ვერდიქტი, ამ ლოგიკით თავად ზურაბ ჟვანია ყოფილა დამნაშავე, რომ ამ პირებს აძლევდა არაკანონიერ დავალებებს. ისინი ხომ ზურაბ ჟვანიას ნების შესაბამისად მოქმედებდნენ. იმედი მაქვს, ნაფიცი მსაჯულები არ მოექცევიან საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში და ამ ათწლიანი წუმპის ტყვეობაში, რომელიც ყოველდღიურად გვესმის, რომ თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ კი ვერ მოვისმინეთ დღემდე, ეს განსაკუთრებული რა არის. აქედან გამომდინარე, გვაქვს ნაფიცი მსაჯულების სამართლიანობის იმედი, რომ ისინი მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც მიიღებდა ზურაბ ჟვანია", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ნაფიცი მსაჯულები ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ვერდიქტის მისაღებად სათათბიროდ უკვე გავიდნენ. მათ კანონის შესაბამისად, პირველ ეტაპზე სამსაათიანი დრო განესაზღვრათ, რათა ერთხმად მიიღონ გადაწყვეტილება. თუკი ასე არ მოხდება, მათ დამატებით ექვსსაათიანი დრო განესაზღვრებათ ხმათა უმრავლესობით ვერდიქტის გამოსატანად. თუკი ექვსი საათის ამოწურვის შემდეგ რვა ხმით ოთხის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, დამატებით მათ კანონის შესაბამისად კიდევ სამი საათი განესაზღვრებათ. ამის შემდეგ კი მოსამართლე მათ ან გონივრულ დამატებით ვადას განუსაზღვრავს, ან ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის შერჩევის პროცესს დანიშნავს