კანონიერ გადაწყვეტილებებს რომ ჰქონდეს პრობლემა დღევანდელ მთავრობაში, მე მინისტრი არ ვიქნებოდი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა პოზიცია აქვს პრემიერ-მინისტრს ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თანამდებობებზე აღდგენას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პირების სამსახურში აღდგენა კანონის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.
"მე რომ დაგიწყოთ ახლა იმის მტკიცება, რომ მთავრობაში ყველა ამავე აზრზეა, პრემიერსაც არავითარი პრობლემა არ აქვს და ა.შ. ამ ლაპარაკს რა აზრი აქვს, ჩემი სიტყვები დარჩება ჩემ სიტყვებად, ვიღაცის სიტყვები ვიღაცის სიტყვებად. ფაქტი მოხდა. ის აქტი გაუქმდა, რომლითაც მათ უფლებამოსილება ჰქონდათ შეჩერებული და ის ხალხი დაბრუნდა თანამდებობებზე. ასეთ გადაწყვეტილებებს რომ ჰქონდეს პრობლემა საქართველოს დღევანდელ მთავრობაში ანუ კანონიერ გადაწყვეტილებებს რომ ჰქონდეს პრობლემა, მე მინისტრი არ ვიქმნებოდი. მე ამ მთავრობის წევრი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ამისთვის ვიბრძოდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, რათა კანონის უზენაესობა იყოს ამ ქვეყანაში", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ამ ადამიანების სამსახურში აღდგენას პოლიტიკური სარჩული მხოლოდ "თავისუფალმა დემოკრატებმა" მისცეს.
"ამ საკითხს პოლიტიკური სარჩული მისცა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და მორჩა. ის, რომ ერთი პოლიტიკური ძალა საუბრობს, რომ ეს საკითხი არის პოლიტიკურად მოტივირებული, ეს არ ნიშნავს, რომ ასეა. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღესაც აჟიოტაჟი სწორედ "თავისუფალმა დემოკრატებმა" ატეხეს. საქმე პირიქით არის. თავის დროზე ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიასთან დაპირისპირების გამო ეს ხალხი დააჭერინა და ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, სადაც არავის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მეორე ამბავი, რაც გვესმოდა მათი მხრიდან, იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება ჩემ დანიშვნაზე მის მიმართ ლოიალურობის გამო და მის ყველა ბრძანებას დავემორჩილებოდი. ახლა ჩამოვყალიბდეთ - თუ ეს ორი ამბავი სწორია, მაშინ ეს ადამიანები აქ არ უნდა იყვნენ და შემეძლო ამერჩია ის გზა, რომელიც მინისტრებს მრავალჯერ გაუვლიათ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. შემეძლო გამეჯანჯლებინა პროცესი, კანონზე მეძალადა, მეთქვა, რომ არ მაინტერესებს კანონში რა წერია, თავდაცვის სამინისტროში რაც მინისტრი გავხდი ასეთი წესი გვაქვს, იმიტომ რომ ასეთი მაგარი გოგო ვარ და ა.შ.", - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებებს, ხიდაშელის თქმით, მან არ იცის რა წესები აქვთ იუსტიციის სამინისტროში, თუმცა თანამშრომელსა და უწყების ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობას კანონი არეგულირებს.
"მე არ ვიცი რა წესი აქვთ იუსტიციის სამინისტროში არაფორმალურად დადგენილი, მაგრამ არსებობს ჩვეულებრივ ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელიც ფორმალურად არეგულირებს ურთიერთობებს თანამშრომლებსა და უწყების ხელმძღვანელებს შორის. ასევე წულუკიანი ამბობს, რომ თუკი მსჯავრდებულია ან ბრალდებული, მაშინ გავათავისუფლებთო ხოლმე დროებით. ეს არის განსხვავებული მდგომარეობა, რადგან ჩვენ შემთხვევაში მსჯავრდებულებზე არ არის საუბარი. თუ მსჯავრდებულია ადამიანი ის კანონის თანახმად თავისუფლდება სამსახურიდან და არა რაიმე არაფორმალურად დადგენილი წესით", - აღნიშნა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრი ასევე განმარტავს ბრალდებულების სამსახურში აღდგენის სამართლებრივ საფუძვლებს.
"რაც შეეხება ბრალდებულებს და მათ გათავისუფლებას, არც ერთი ბრალდებული არ ყოფილა გათავისუფლებული თანამდებობიდან. ეს არც იურიდიული კაზუისტიკა არ არის. მინდია ჯანელიძემ 2014 წლის ნოემბერში წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ ადამიანებს შეუჩერდათ უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში ძალიან კონკრეტული აქტის ძალიან კონკრეტული პუნქტის შესაბამისად. ისინი გათავისუფლებულები არ ყოფილან. მე ეს ადამიანები ფორმალურად სამსახურში არ აღმიდგენია, მე არ გამომიცია აქტი რომელშიც ეწერება, რომ ისინი დაინიშნონ ამა თუ იმ თანამდებობაზე. მე რაც გავაკეთე არის ის, რომ აქტმა საფუძველი დაკარგა მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ 2014 წლის 13 ნოემბრის მინდია ჯანელიძის მიერ გამოცემულ ბრძანებამდე მდგომარეობაში. ერთადერთი რაც გააკეთა თავდაცვის მინისტრმა არის, რომ კანონის მოთხოვნა შეასრულა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს. სამსახურში არ აღდგენილა ნუგზარ კაიშაური, რადგან თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მან თავადვე, პირადი განცხადებით მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება.