ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ლარის კურსთან დაკავშირებით, "შეგნებულ პროვოკაციად" აფასებს. ეს განცხადება სოზარ სუბარმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ტიმოთესუბანში გააკეთა.
"ერთადერთი ზეწოლა, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, ეს არის არასწორი მოლოდინები. ვინც არასწორ მოლოდინებს აჩენს, არის ერთადერთი ადამიანი - ქადაგიძე. ყოველდღიურად გამოდის ქადაგიძე და აცხადებს, რომ ლარი გაუფასურდება და აღარაფერი გვეშველება. როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამას აკეთებს, ეს არის შეგნებული პროვოკაცია", - განაცხადა სუბარმა.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში ასახულია.
"მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდ დოლარიანი სავალუტო შემოდინებები, დანაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია მოხმარების შემცირებაში და შესაბამისად, იმპორტის შემცირებაში. ივლისში იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შემცირებულია დაახლოებით 21 პროცენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით", - განაცხადა ქადაგიძემ.