რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა პროდუქციაზე ემბარგოს გაფართოების შესახებ ბრძანებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უჭერენ მხარს.
შეზღუდვები გავრცელდა ალბანეთზე, მონტენეგროზე, ისლანდიაზე და ლიხტენშტეინზე, ასევე განსაკუთრებული პირობებით უკრაინაზე. უკრაინაზე პროდუქტების ემბარგო 2016 წელს გავრცელდება, თუ ძალაში შევა ამ ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი.
„ახლა ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე ავსტრალიას, კანადას, ნორვეგიას და აშშ-ს, რომელი ქვეყნებიდანაც გასული წლის აგვისტოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რამდენიმე სახეობის შემოტანა აიკრძალა, დაემატა მთელი რიგი ქვეყნებისა. კონკრეტულად - ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტეინი, ხოლო უკრაინა განსაკუთრებული პირობებით“, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს ქვეყნები მანამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ.
როგორც ცნობილი გახდა, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებზეც რუსეთი ემბარგოს გაავრცელებს, საქართველ არ მოხვდა. თუმცა საუბარი იყო, რომ ემბარგო სავარაუდოდ საქართველოზეც გავრცელდებოდა.
მანამდე რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსანდ ტკაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 7 ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ, მათ შორის, საქართველოსთვისაც, სასურსათო ემბარგოს დასაწესებლად გზებს ეძებდა. საუბარი იყო მონტენეგროზე, ალბანეთზე, ისლანდიაზე, ნორვეგიაზე, ლიხტენშტაინზე, უკრაინასა და საქართველოზე.
"ეს ქვეყნები უმნიშვნელოები არიან და სასურსათო ბაზარზე ამინდს პრაქტიკულად არ ქმნიან. სხვადასხვა მიმართულებით, მათი წილი 3-დან 5%-მდეა. ჩვენ ვსწავლობთ სიტუაციას, რათა გავიგოთ როგორი რეაგირება შეიძლება გვქონდეს", - განაცხადა ტკაჩევმა.