გაეროში საქართველოს ელჩმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა

გაეროში საქართველოს ელჩმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა

საქართველოს ელჩმა გაერო-ში კახა იმნაძემ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ კახა იმნაძემ 7 წლის წინ განვითარებული მოვლენებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც კახა იმნაძემ აღნიშნა, რუსეთის მხრიდან გრძელდება საქართველოს მცოცავი ოკუპაცია, რასაც ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებებიც ადასტურებს. 

"ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება 7 წლის წინ გაფორმდა, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კი ისევ ოკუპირებულია. შედეგად, ირღვევა ადამიანის უფლებები, საქართველოს 100 ათასობით მოქალაქე კი იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი სახლები. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მეტიც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 10 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება და განლაგებულია შემტევი ტიპის მძიმე სამხედრო ტექნიკა. რუსეთი განაგრძობს რეგიონში მავთულხლართების გაბმას. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად," - განაცხადა კახა იმნაძემ, რომლის განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.