ტელეკომპანია

ტელეკომპანია "მაესტრო" "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "მაესტრო" "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული მოვლენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია "მაესტროსა" და "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა, პრინციპები და ამოცანები მკვეთრად განსხვავებულია, თუმცა მათი თქმით, დაუშვებელია სახელმწიფოს ჩარევა კერძო მედიასაშუალების საქმიანობაში. "ინტერპრესნიუსი" ტელეკომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

""იმის მიუხედავად, რომ ტელეკომპანია "მაესტროსა" და "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა, პრინციპები და ამოცანები მკვეთრად განსხვავებულია, ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია სახელმწიფოს ჩარევა კერძო მედია-საშუალების საქმიანობაში. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს მონაწილეობა კერძო პირებს შორის არსებულ სამოქალაქო დავაში და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო პროცესი წარიმართება ობიექტურად და მიუკერძოებლად.

ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან ტელეკომპანია "მაესტროს" მიმართ წინა ხელისუფლება წლების მანძილზე მიზანმიმართულად ახორციელებდა ზეწოლას და ხელს უშლიდა "მაესტროს" საქმიანობას როგორც მუქარების, შანტაჟის და შეიარაღებული თავდასხმის ფორმით, ასევე "სამართლებრივი" ბერკეტების ამოქმედებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია "მაესტრო" განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე", - ნათქვამია ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.