"როგორც ქიბარ ხალვაშს დაათმობინეს "რუსთავი 2" თავის დროზე, ისე წაგვართვეს "presa.ge"

ინტერნეტგამოცემა for.ge-ს დამფუძნებლებმა "რუსთავი 2"-ის აქტივების დასაბრუნებალდ ქიბარ ხალვაშის დავის წამოწყებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული არ უნდა დაედოს.

გია იაკობაშვილის თქმით, for.ge აპირებს პროცესებში, როგორც მონიტორი, ისე ჩაერთოს, რადგან ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მედიაზე ძალადობა, წერტილი დაესვას დაუსჯელობის სინდრომით პოლიტიკოსების წახალისებას და მედიის იარაღად გამოყენების მცდელობას, ხელისუფლებამ იგრძნოს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ დანაპირებს შესრულება უნდა.

"თუ ვაპირებთ ამ ქვეყანაში ცხოვრებას და მივყვებით ამ პროფესიას, რაღაც ნაბიჯებიც უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობა თავისუფალი იყოს, რასაც 9 წლის განმავლობაში ვერ ვხედავდით. ეს პრობლემა საქართველოში მუდმივად დგას. გუშინ გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომ არ ვაპირებდით იმ პროცესებში ჩართვას, რომელიც დაიწყო. ვგულისხმობ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის დასაბრუნებლად სამართალწარმოების დაწყებას. თუმცა, განცხადებამ, რომელიც გააკეთა მედიაჰოლდინგ "დრონი.ჯი"-ს ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ, გვაიძულა ამ პროცესებში მეტად გვეაქტიურა. იცით, ალბათ, ასეთი საიტი "presa.ge", თუ არ იცით მისი ისტორია, გეტყვით, რომ ჩვენ ვართ მისი დამფუძნებლები, რომელიც წაგვართვეს. ეს პროცესები, რაც ხალვაშთან მიამრთებაშია, ძალიან ჰგავს ჩვენს ამბავს. ორივე საქმეში ძმები ყარამანაშვილები ფიგურირებენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან განსაკუთრებით დაახლოებული ბიზნესმენები არიან. ამ ყველაფრის მერე გამოდის კაპანაძე, რომელიც უკანონოდ ფლობს "presa.ge"-ს და აცხადებს, რომ ხალვაშის მიერ წამოწყებული აჟიოტაჟი, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და დასავლურ ფასეულობებზე უარის თქმაა. ამან გაგვაბრაზა, ჩვენც ადამიანები ვართ. წაგვართვეს ქონება, აღმოვჩნდით ქუჩაში და წამოვედით, იმიტომ რომ გურამ დონაძესთან მუშაობა უბრალოდ შეუძლებელი იყო, _ ახალაიებთან და მერაბიშვილებთან. ჩვენი მიზანია, რომ ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზირება არ მოხდეს. პოლიტიკის გარევა ბევრ სფეროში საქმისთვის

დამაზარალებელია ხოლმე. ხალვაშის ძალიან კარგად მესმის, რადგან 6 მილიონად შეძენილი ქონება 250 ათასად დაათმობინეს. იკვეთება ჩვეულებრივი ძალადობის ნიშნები, რასაც დიდი ხნის განმავლობაში შევეჩვიეთ და კვირა არ გასულიყო, რომ ვინმესთვის ბიზნესი არ წაერთმიათ, ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორც 90-იან წლებში ქუჩაში ვინმე რომ არ მოეკლათ. ვაპირებთ, ამ პროცესებში ჩავერთოთ, დავაკვირდეთ და ხელი შევუწყოთ იმას, რომ მედიასაშუალებები იქნება, ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, მუდმივად სწორ ინფორმაციაზე იყოს დაფუძნებული, მოექცეს იმ კალაპოტში, რასაც სიმართლე და სამართლიანობა ჰქვია", - განაცხადა იაკობაშვილმა "პირველ პრესკლუბში".

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორმა, პოლიტიკოსებისა და მედიაში დასაქმებული ადამიანების ნაწილმა, რომლებიც დღეს ხმამაღლა საუბრობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მედიის ხელშეუხებლობაზე და ჟურნალისტურ სტანდარტებზე და ცდილობენ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები წარმოაჩინონ, არა როგორც სამართლებრივი, არამედ როგორც პოლიტიკური პროცესი, დუმილი ამჯობინა მაშინ, როცა დონაძე-კაპანაძის დაჯგუფებამ ხელში ჩაიგდო presa.ge და იგი "ნაციონალური მოძრაობის" გავლენას დაუქვემდებარა.

"მე მინდა ელემენტარული კითხვა დავსვა. რომ შევკრიბოთ "რუსთავი 2"-ის კოლექტივი და ვკითხოთ, რომელს მიაჩნია, რომ გედენიძე, ქურციკიძე და აბდალაძე რუსეთის ჯაშუშები იყვნენ, ხელს არავინ აწევს, მაგრამ იგივე რომ ჰკითხოთ, რომელმა იაქტიურა საპროტესტო აქციებში, სადაც ყველა მედიასაშუალება იყო, ასევე არ აწევენ ხელს. ვფიქრობ, პირველ რიგში მათი ღირსების საქმეა, მათი საქმიანობა იყოს თავისუფალი", - განაცხადა იაკობაშვილმა.

თავის მხრივ როზი ჯღამაიამ აღნიშნა, რომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ორმაგი სტანდარტები.

"როგორც ჩანს, 2012 წლის ოქტომბერი არ იყო საკმარისი, რომ ამ ქვეყანაში ძალადობა დასრულებულიყო. ვხედავთ ისე, როგორ კარნახობს დღის წესრიგს პოლიტიკურ სპექტრს "ნაციონალური მოძრაობა". უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ორმაგი სტანდარტები. გიამ აღნიშნა, როგორ წაგვართვეს წლების წინ მედიასაშუალება და მაშინ არცერთ არასამთავრობოს, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უაქტიურია და ჩვენი წართმეული მედიასაშუალებით ძალიან კარგად სარგებლობს "ნაციონალური მოძრაობა". უნდა დაესვას ამ ყველაფერს წერტილი. არ ვართ იმის მომხრე, მუდმივად მტრები ვეძებოთ ჩვენს ირგვლივ", - აღნიშნა მედიასაშუალების დამფუძნებელმა.