ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დიდგორი გრძელდება და ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დიდგორი გრძელდება და ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის

დიდგორი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, თავისუფლების, ქართველი ხალხის ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდგორობის დღესასწაულის სტუმრებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგო სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს.
,,ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს, - ბრძანა დიდმა ილიამ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დიდგორი ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველია, რომელზეც მტკიცე და წარმატებული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ჩვენ, დავით აღმაშენებლის მებრძოლების შთამომავლებს, შეუპოვრობა და თავდადება გვმართებს. მეგობრებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება, და ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისთვის",- განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, სწორი პოლიტიკითა და სტრატეგიით გააერთიანოს და ფეხზე დააყენოს საქართველო, ააშენოს ძლიერი, 21-ე საუკუნის ევროპული სახელმწიფო. 
"ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენი ერთიანობით და შრომით გავაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით გასულ წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო - ,,დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ. 

წელს ორდენით მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, კაპრალი ნიკა კილანავა და კაპრალი გიორგი ცხვედიანი დაჯილდოვდნენ. სახელმწიფო ჯილდოები მათ პრემიერმა გადასცა.

დიდგორობის დღესასწაულს მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.