საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორი ქვეყნის ლიდერებმა თურქეთში განვითარებული პროცესები განიხილეს. 
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის მიმართ.
"საქართველო ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ბრძოლას აგრძელებს თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თურქეთის პრეზიდენტმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის გამო და აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს, რომელიც მას შეაქვს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, კონკრეტული პროექტების ფარგლებში, დაეხმაროს თბილისში, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები.